თბილისი ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასს მასპინძლობს. ტურნირი 2020 წელს ტოკიოში გასამართი პარაოლიმპიადის ლიცენზიების მომტანია. საქართველოს ეროვნული ნაკრები ოთხი სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ჩვენი ქვეყნის ღირსებას მსოფლიო თასზე ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზედაშვილი, მირანდა გიგაშვილი და ირმა ხეცურიანი იცავენ. შეჯიბრის პირველ დღეს რაპირით ფარიკაობაში საუკეთესო შედეგი სწორედ ხეცურიანს ჰქონდა. მან მეხუთე ადგილი დაიკავა.
ქართული დელეგაცია წარმატებას ხმლით ფარიკაობაში ელოდება. მსოფლიო თასის მთავარი ფავორიტი ირმა ხეცურიანია, რომელიც ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრედენდენტად მიიჩნევა.
10 ნოემბერს გაიმართება ეტლით ფარიკაობის მსოფლიო კონგრესი. მსოფლიო თასის გათამაშება 11 ნოემბერს პარასპორტსმენების დაჯილდოვებით და დახურვის ცერემონიალით დასრულდება. მიმდინარე მსოფლიო თასზე 45 ქვეყნის 500 – მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.