თავისუფალი ჭიდაობა | ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე ადეიშვილი და მარგიშვილი ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში ოთარ ადეიშვილმა (79 კგ) და ანდრო მარგიშვილმა (97 კგ) საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მოიგეს და ნახევარფინალში იჭიდავებენ.
ადეიშვილმა მერვედფინალში ლუკა ჩხიტუნიძეს 2:1 მოუგო, მომდევნო ეტაპზე ავსტრიელი მუჰამედ ვექტემიროვი 7:2 დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ზემილხან ხაჯიევს შეხვდება.

მარგიშვილმა მეოთხედფინალში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების სახელით მოასპარეზე იაროსლაუ სლავიკოვსკს 7:0 სძლია და ფინალში გასასვლელად ირანელ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს, ჰასან იაზდანიჩარატს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი 21:00 საათზე გაიმართება.
ტურნირის პირველ დღეს მედლები საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა მოიპოვა – აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ნიკა ზაქაშვილი (65 კგ) დაეუფლა.