თავისუფალი ჭიდაობა | სამი ქართველი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს ასპარეზობა. საქართველოს სახელით მედლებისთვის ოთხი ფალავანი იბრძვის.
ზურაბ იაკობიშვილი (70კგ), ტარზან მაისურაძე (86) და გენო პეტრიაშვილი (125) ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებენ. ვლადიმერ გამყრელიძეს (79) ჯერ 1/8-ფინალური ორთაბრძოლა აქვს ჩასატარებელი. იაკობიშვილი ნახევარფინალში გასასვლელად თურქ სოსკუნს შეხვდება, პეტრიაშვილი თავის შეხვედრას ამერიკელ ზილმერთან გამართავს, ტარზან მაისურაძე კი სლოვაკ მოჭიდავეს დაუპირისპირდება.
საკვალიფიკაციო და წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30-ზე დაიწყო, ნახევარფინალები კი 18:45-ზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩვენი ნაკრების ორმა წევრმა –-ნუგზარ წურწუმიამ (55) და ლერი აბულაძემ (63) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.