თავისუფალი ჭიდაობა | გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ტაჰა აკგულს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირზე ხუთი სპორტსმენი გამოვიდა, რომელთაგანაც ოთხი – შოთა ფარტენაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ნახევარფინალში ვიხილეთ.
ხვალინდელ ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის მხოლოდ ევროპის ორგზის ჩემპიონი პეტრიაშვილი იჭიდავებს. ქართველმა ნახევარფინალში უნგრელი დანიელ ლიგეტი დაამარცხა და ფინალში პრინციპულ მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს შეხვდება.
ფარტენაძემ ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, ალბანელ ზელიმხან აბაკაროვთან წააგო, კენჭაძე სლოვაკ ტაიმურაზ სალკაზანოვთან დამარცხდა, მაისურაძემ კი დაპირისპირება კონტინენტის მოქმედ ჩემპიონთან, თურქ ფეიზულა აქთურქთან დათმო.
სამივე მათგანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე წუთში ფინალური ბლოკი დაიწყება, სადაც გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. რობერტ დინგაშვილი (57 კგ) და ედემი ბოლქვაძე (65 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.