თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ორმა ქართველმა ფალავანმა – ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) ნახევარფინალში იჭიდავეს.

გამყრელიძემ უკრაინელი მიხაილოვი 10:4 დაამარცხა და ხვალ მსოფლიო პირველობის ფინალში იასპარეზებს. მაისურაძემ კი ყაზახ სპორტსმენთან 1:8 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. რეპეშაჟიდან ასევე მესამე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს ავთანდილ კენჭაძეც. ქართველი ფალავანი ადრეულ ეტაპზე დამარცხდა, მაგრამ მისმა მეტოქემ ფინალში გასვლა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მსოფლიო პირველობის სასტარტო დღეს, გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ტურნირის ფინალში გავიდა და პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია გაინაღდა, შოთა ფარტენაძე (61 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.

ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ, ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული ოლიმპიადის მეხუთე ლიცენზიის მფლობელი გახდება.