თავისუფალი ჭიდაობა | ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი 20-წლამდელთა ევროპირველობაზე #1TVSPORT
რომში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში დღეს ფინალურ ბლოკში გუშინდელი ხუთი წონის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ოთარ ადეიშვილი (79კგ) ფინალში სომეხ მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. მესამე ადგილებზე კი ლუკა ღვინჯილია (57კგ), ლუკა ხუჭუა (97კგ) და ლუკა ჯანეზაშვილი (65კგ) გავიდნენ. შეგახსენებთ,რომ დღეს კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობა დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში დაიწყო. ჩვენი ბიჭები ძალიან კარგად გამოვიდნენ წინასწარ და ნახევარფინალურ შეხვედრებში. ხუთი სპორტსმენიდან ოთხი ხვალ ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს.
მერაბ სულეიმანიშვილი (125კგ) ფინალში გასასვლელად ბულგარელ ივანოვს შეხვდა და დამაჯერებლად 13:3 დაამარცხა. ანდრო მარგიშვილი (92კგ) ნახევარფინალში უკრაინელ საჰალიუკთან შეხვედრის მიმდინარეობისას 3:8 მარცხდებოდა, მაგრამ ქართველმა შეუძლებელი შეძლო და ურთულესი დაპირისპირება 40 წამში შემოატრიალა (9:8). დავით კოღუაშვილიც (86კგ) უკრაინელ მოჭიდავეს შეხვდა და მეტოქეს მარტივად 13:2 სძლია. ფინალშია დავით აბდალაძეც (61კგ), მან რუმინელი სანდუ 7:0 დაამარცხა.74კგ-ში ლუკა ჩხიტუნიძე ნახევარფინალში მოლდოველ მოჭიდავესთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს. დღევანდელი წონების ფინალური ბლოკი ხვალ 20:00 საათზე გაიმართება.