დიღომში მდებარე ფრენბურთის დარბაზ „ახალ თბილისში“ დღეს მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი გათამაშდა.
პირველი ფინალური ორთაბრძოლა 61 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქუთაისელი ძმები – ბექა და ლაშა ლომთაძეები უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა უფრო ტიტულოვანი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი – ბექა, ტრავმის გამო არ გამოცხადდა და ჩემპიონის ტიტულიც მის ძმას -ლაშას ერგო.
70 კილოგრამში პირველობა არც საქართველოს ჩემპიონატზე დათმო მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა (ყვარელი). გადამწყვეტ შეხვედრაში მან ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური) დაამარცხა.
დაძაბული გამოდგა 79 კილოგრამმადე წონითი კატეგორიის მთავარი დაპირისპირება, სადაც ერთმანეთს ორი საკმაოდ ტიტულოვანი და გამოცდილი სპორტსმენი იაკობ მაქარაშვილი (თბილისი) და ჯუმბერ ყველაშვილი (გორი) შეხვდა. თითქმის მთელი ორთაბრძლის განმავლობაში ანგარიშში უპირატესობა გორელ სპორტსმენს ჰქონდა, მაგრამ ბოლო 30 წამში მაქარაშვილმა ოთხქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და საბოლოოდ შეხვედრა 9-7 მოიგო.
92 კილოგრამში საუკეთესო ირაკლი მწითური (თბილისი) გახდა. მან თანაბარი ანგარიშით 2-2 დასრულებულ დაძაბულ ბრძოლაში, ნოდარ ეგაძეს (გორი) გაფრთხილებით აღებული ქულით აჯობა.
ტურნირი ტრადიციულად მძიმეწონოსანთა ფინალით დასრულდა. აღსანიშნავია რომ ამ წონაში ტრავმის გამო არ უასპარეზია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ – გენო პეტრიაშვილს. ფინალური ორთაბრძოლა გიორგი მეშვილდიშვილსა (ონი) და ომარ გუსოშვილს (გორი) შორის უნდა გამართულიყო, თუმცა 61 კილოგრამის ფინალის მსგავსად, ბრძოლა აქაც არ შედგა. სპორტსმენები ხალიჩაზე გამოცხადდნენ, მაგრამ გუსოშვილმა ტრავმის გამო ასპარეზობაზე უარი განაცხადა და შედეგად ოქროს მედალი მეშვილდიშვილს ერგო.