სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ასპარეზობდნენ.
ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილმა კონტინენტის პირველობის ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მატიას კასე ულამაზესი გდებით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქესთან ერთგვარი რევანშიც აიღო. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ დაპირისპირებაში ტატო ბელგიელ მეტოქესთან დამარცხდა – ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში და ბუდაპეშტში 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
დღეს შეჯიბრზე გამომსვლელი მეორე ქართველი ლაშა შავდათუაშვილი კი ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და მერვედფინალში იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან დამატებით დროში დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღემდე ერთი ბრინჯაოს მედალი გახლდათ, რომელიც გუშინ ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.
ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პირდაპირი ტრანსლაციები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.