თასზე წაგების შემდეგ „დინამო თბილისმა“ „სამგურალი“ ეროვნულ ლიგაში დაამარცხა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ საქართველოს თასზე წაგებისთვის წყალტუბოს „სამგურალთან“ რევანში ეროვნული ლიგის 31-ე ტურში აიღო და 2:0 გაიმარჯვა.
ზესტაფონის „დავით აბაშიძე არენაზე“ გამართულ მატჩში ანგარიშის გახსნა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ეს კარასკოს გაწვრთნილებმა მოახერხეს და პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. 36-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილის მშვენიერი გადაცემით თბილისელთა სერბმა ლეგიონერმა, ზორან მარუშიჩიმ გაიტანა.
მეორე ტაიმში „სამგურალი“ თამაშის გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ საკუთარ კარში მეორე გოლი მიიღო. 84-ე წუთზე „დინამოს“ შეტევა დავით სხირტლაძემ უსმანე კამარას გაუგრძელა, რომელმაც ძლიერად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
31 ტურის შემდეგ „დინამო თბილისმა“ 58 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოსთან“ (67) ჩამორჩენა შეამცირა და სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონობის თეორიულ შანსს ინარჩუნებს. „სამგურალი“ (46) კი მეექვსე ადგილზე დარჩა და ევროთასებზე მოხვედრის იმედი ჯერ არ დაუკარგავს.