თასის ოთხი მეოთხედფინალისტი გაირკვა - იმრანმა „ლოკომოტივი“ შემდეგ ეტაპზე ეფექტური გოლით გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში 1/8-ფინალის 4 მატჩი გაიმართა და ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.
ლოკომოტივი – თელავი 2:0
საგურამოს „ლოკო არეანაზე“ გამართულ „ლოკომოტივისა“ და „თელავის“ შეხვედრაში მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. მე-8 წუთზე ანგარიში მასპინძელთა თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში 22-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა ძალიან ეფექტური გოლით დააფიქსირა. 75-ე წუთზე „თელავის“ თავდამსხმელი ლაშა კოხრეიძე გააძევეს.
ჩიხურა – ბათუმის დინამო 0:5
ივანწმინდას სტადიონზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა მეორე შემადგენლობით მოიგო. ბათუმის „დინამომ“ ანგარიში მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს გაგი მარგველაშვილის გოლით მაიღწია (45+1 წუთი). ბათუმელებმა უპირატესობა მეორე ნახევარში გაზარდეს – გოლები ვანოგო სანოგოს (49), თორნიკე გაფრინდაშვილის (55), გიორგი ნიქაბაძის (69) და გიორგი ფანცულაიას (85) ანგარიშზეა.
დინამო 2 (თბ) – გარეჯი 0:1
„დინამო თბილისის“ აკადემიის მოედანზე გამართულ შეხვედრის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა – ერთადერთი გოლი საგარეჯოელთა თავდამსხმელმა გიორგი ხარებაშვილმა 32-ე წუთზე გაიტანა.
მერანი მარტვილი – გაგრა 0:1
მარტვილში შეხვედრის ბედიც ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 71-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ლაშა ჯღამაიამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და „მერანის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც „გაგრას“ კაპიტანმა ვასილ ხოსიტაშვილმა შეასრულა და საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
1/8 ფინალის დარჩენილი 4 წყვილის გამარჯვებული 20 მაისს გამოვლინდება.
სიონი – სამგურალი
16:00. ბოლნისი – თამაზ სტეფანია
შევარდენი 1906 – შუქურა
16:00. კასპი – ცენტრალური
გორი – არაგვი
16:00. გორი – ქართლი
საბურთალო – დილა
18:00. თბილისი – მიხეილ მესხი