თასის ფინალში მამარდაშვილის თამაშს გამოკითხულთა 73 პროცენტი ემხრობა - მას კონკურენტზე უკეთესი სტატისტიკა აქვს #1TVSPORT
იესპერ სილესენი მომჯობინდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილს დიდი შანსი აქვს, რომ 23 აპრილს „ბეტისთან“ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ვალენსიას“ კარში ვიხილოთ – ასეთ ვარაუდს ესპანური გამოცემა levante-emv-ს ჟურნალისტი გამოთქვამს.
მამარდაშვილს სილესენზე უკეთესი სტატისტიკა აქვს და გულშემატკივრების მხარდაჭერით სარგებლობს, მაგრამ საბოლოო სიტყვას ბორდალასი იტყვის
„გიორგი მამარდაშვილი ამჟამად „ვალენსიას“ პირველი მეკარეა და საუკეთესო პოზიციაშია საიმისოდ, რომ 23 აპრილს, „რეალ ბეტისთან“ კოპა დელ რეის ფინალში ითამაშოს. 21 წლის ქართველი მეკარე „ვალენსიაში“ გასულ ზაფხულში ჩავიდა და გუნდის მეოთხე მეკარე უნდა ყოფილიყო იასპერ სილესენის, ხაუმე დომენეკისა და კრისტიან რივეროს შემდეგ. თუმცა, მისმა ზრდამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მამარდაშვილმა მოსამზადებელ ეტაპზე შანსი გამოიყენა, კარგი თამაშით მოიპოვა ხოსე ბორდალასისა და გუნდის ნდობა და კარში უფრო ხშირად ჩნდება.
ელიტარული ფეხბურთის წნეხის ქვეშ უფრო და უფრო მობილიზებული, თავდაჯერებული და რაც მთავარია უფრო მომწიფებული დგას. მის მხარეზეა სტატისტიკა – 387 წუთი გოლის გარეშე. ქართველისკენ არიან ფანებიც – ჩატარებული გამოკითხვის შედეგები განსაცვიფრებელი იყო. თასის ფინალში გიორგის კარში ხილვა გულშემატკივართა 73%-ს სურს, 20% იესპერ სილესენის მომხრეა, ხოლო ხაუმე დომენეკმა 7% მიიღო. ხალხისთვის ეს საკამათო თემა არაა, თუმცა ბოლო სიტყვა მწვრთნელს ეკუთვნის.
სილესენის დაბრუნება
სილესენმა, რომელსაც თებერვალში ოპერაცია ჩაუტარდა, ვარჯიში განაახლა. მას 19 იანვრის „სევილიასთან“ მატჩის შემდეგ არ უთამაშია. მას შემდეგ მან გამოტოვა ლა ლიგის 8 და თასის 3 მატჩი. ის გუნდთან ერთად კარგ განწყობაზე ვარჯიშობს და ვარაუდობენ, რომ სათამაშოდ მზად 3 აპრილს, „კადისთან“ მატჩისთვის იქნება. „ვალენსიას“ მწვრთნელს ბორდალასს ორი კვირა აქვს იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს თასის ფინალში. მანამდე დარჩენილია მხოლოდ 4 თამაში.
სილესენის სასარგებლოდ ფინალებში მის მიერ დაგროვილი გამოცდილება მეტყველებს. იასპერმა, გონსალო გედეშთან ერთად, გუნდის მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი ფინალი ითამაშა, ქვეყნის ნაკრებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე იმყოფებოდა და აშკარაა, რომ კოპა დელ რეის მსგავსი მატჩი არ შეაშინებს.
თამაშით გიორგი უკეთესია
სხვა საქმეა სპორტული შედეგები. მამარდაშვილი აჩვენებს, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ამ სეზონში სილესენს ჯობნის. ქართული ჯობია ნიდერლანდელს, რასაც ციფრები ადასტურებენ. გიორგიმ თითქმის იმდენი წუთი ითამაშა (1260), რამდენიც იასპერმა (1278). თუმცა გიორგიმ მხოლოდ 14 გოლი გაუშვა (13 ლა ლიგაში და 1 თასზე), ხოლო ნიდერლანდელმა ჯამში – 26.
მამარდაშვილი მშრალი მატჩების რაოდენობითაც დომინირებს. მან 14 თამაშიდან უგოლოდ კარი 7 მატჩში (6 ლიგაში და 1 თასზე) შეინახა. სულ ზედიზედ 387 წუთი იდგა გაშვებული გოლის გარეშე. სილესენმა 14 თამაშიდან კარი უგოლოდ მხოლოდ 3-ჯერ შეინახა. მამარდაშვილმა მარტში სტატისტიკა დააბალანსა – ის თამაშში საშუალოდ მხოლოდ ერთ გოლს უშვებს (14 თამაში, 14 გოლი), ხოლო სილესენი თითქმის ორ გოლს (1,85 საშუალოდ – 14 თამაშში 26 გოლი).“