თარიღი ცნობილია - საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდები ბათუმში 7 მარტს ითამაშებენ #1TVSPORT
ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაშის, საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩის თარიღი გაირკვა. ვეტერანი ფეხბურთელები ერთმანეთს 7 მარტს დაუპირისპირდებიან, – ინფორმაციას მატჩის ორგანიზატორები ავრცელებენ.
შეხვედრას ბათუმის არენა უმასპინძლებს და ჯერ გუნდების შემადგენლობები მხოლოდ ნაწილობრივ არის ცნობილი – საქართველოს სახელით ითამაშებენ შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი და თემურ ქეცბაია. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა კახა კალაძე.
მატჩის ორგანიზატორების ცნობით, „ინტერის“ ლეგენდებში ითამაშებენ „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუიშ ფიგუ, მილანური კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მარკო მატერაცი და არგენტინელი ესტებან კამბიასო, ასევე ტრებლის მომგები ჟოზე მოურინიოს გუნდის ცხრა ფეხბურთელი.
საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩის ბილეთების გაყიდვა 22 იანვარს TKT.GE-ზე დაიწყება.