ტარიელ ხეჩიკაშვილი - ნაკრებში „იბერიის“ ფეხბურთელების გამოძახება დამატებითი მოტივაციაა, რომ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის კიდევ უფრო დავიხარჯოთ #1TVSPORT
ტარიელ ხეჩიკაშვილი - ნაკრებში „იბერიის“ ფეხბურთელების გამოძახება დამატებითი მოტივაციაა, რომ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის კიდევ უფრო დავიხარჯოთ #1TVSPORT

თბილისის „იბერიის“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე, სადაც მისი კლუბის აკადემიის ექვსი აღზრდილი გამოიძახეს. ვილი სანიოლის სიაში არიან გიორგი გოჩოლეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი და შოთა ნონიკაშვილი.

„კლუბებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც ქართულ ფეხბურთში თანხის დაბანდებას აპირებენ, კარგი მაგალითია, რომ აქცენტი ქართველ ახალგაზრდებზე გააკეთონ. ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც შეიძლება ქართულ კლუბებს ჰქონდეთ, ისაა, რომ ეროვნული ნაკრები ჩვენი აღსაზრდელებით გავაძლიეროთ და გულშემატკივრები გავახაროთ.

სასიამოვნოა, რომ ამ მიმართულებით „იბერია“ საქართველოში ერთ-ერთი მოწინავეა. ეს უცხოელებთან მოლაპარაკებისას ყველაზე ძლიერი არგუმენტია და აჩვენებს, კლუბი რამდენად გამართულად მუშაობს. ისინი, პირველ რიგში, აკადემიის მუშაობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აკვირდებიან, ჩვენი ფეხბურთელები საერთაშორისო სარბიელზე რამდენად წარმატებულნი არიან.

აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები, ვინც ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებული, „იბერიის“ ძლიერი მხარეა და ინვესტორებისთვის კლუბთან თანამშრომლობის სურვილს აძლიერებს. არასოდეს დამავიწყდება ის ბედნიერი წუთები, რომლებიც გერმანიაში ერთად გამოვიარეთ. სრულიად უცნობი გულშემატკივრები მადლობას მიხდიდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ნაკრებში ჩვენი კლუბის ფეხბურთელები თამაშობდნენ.

ეს იმდენად პოზიტიური განცდაა, რომ ვერც ფინანსებში და სხვა ემოციებში ვერ გაცვლი. სასიხარულოა, რომ, გულშემატკივრებთან ერთად, ამ წარმატების თანაზიარი ხარ. იმდენად დიდი სიამოვნებაა, რომ ღირს ამის გამო ნერვუიულობაც და წვალებაც. ამავე დროს, დამატებითი მოტივაციაა, რომ ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ნაკრების წარმატებისთვის კიდევ უფრო დავიხარჯოთ“.