ტარიელ ხეჩიკაშვილი - ისეთი მოთამაშე რად გინდა, ფული გადაიხადო, ლეგიონერი ერქვას და შედეგი არ მოგიტანოს [ვიდეო]
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა. მისი თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი ევროპულ კლუბებთან კავშირია.
„რამდენჯერმე საერთაშორისო ტურნირს ვუმასპინძლეთ. მედიცინის, ფიზაღზრდის და სხვა კომპონენტებში ევროპული კლუბები იმდენად წინ წავიდნენ, რომ გაცვლითი პროგრამები თუ არ ავამუშავეთ, არაფერი გამოვა. ვგულისხმობ არა მხოლოდ მწვრთნელებს, არამედ, მენეჯერებს, ფიზმომზადების სპეციალისტებს. მათ თუ გადამზადება არ გაიარეს, დონეს ვერ ავწევთ“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
„საბურთალოს“ პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია ლეგიონერებზეც დააფიქსირა:
„ობიექტურად რომ ვთქვათ, ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოცდილებაც ბევრს ნიშნავს. ჩამოვიყვანეთ ლეგიონერები ნიდერლანდებიდან – საფეხბურთო ქვეყნიდან. მაგრამ აქ მოდის ფეხბურთელი, რომელიც ფორმის პიკში არაა, ან ტრავმის შემდეგ სურს ფორმის აღდგენა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ისინი იმ დონის მოთამაშეები აღარ არიან, ევროპაზე მინიმალური შედეგი რომ მოგცენ. ან სამჯერ მეტი უნდა გადაიხადო ისეთ ევროპელში, რომელიც მოგაგებინებს, ან უნდა ჩამოიყვანო ისეთები, ახლა რომ დავიმატეთ – მოლდოვის ნაკრების ორი ახალგაზრდა მოთამაშე, პლუს 18 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი. ისინი რომ გაიზრდებიან, მათზე მოთხოვნაც იქნება. ასე იყო ვაგნერ გონსალვეში – ფაქტობრივად, აქ გაიზარდა, კარიერაც აიწყო და გუნდსაც გამოადგა. სხვა შემთხვევაში ფულის ტყუილი ხარჯვა გამოდის“.
მან საინტერესო სიახლე გაამხილა:
„ისეთი მოთამაშე რად გინდა, ფული გადაიხადო, ლეგიონერი ერქვას და შედეგი არ მოგიტანოს? ზოგიერთს დისციპლინის პრობლემაც ჰქონდა. ამიტომ ამ საკითხში ყველას დიდი წინდახედულება გვმართებს. რამდენიმე უცხოურ კლუბთან გვაქვს პარტნიორობაზე მოლაპარაკება, ლეგიონერის განათხოვრების წესით ჩამოყვანასთან დაკავშირებით, რომ მან თავი გამოიჩინოს და მერე თავის კლუბს მეტი სათამაშო პრაქტიკით დაუბრუნდეს. ეს უფრო იმუშავებს და ლეგიონერებისთვის ჩამოსვლა მეტი მოტივაცია იქნება. მას ხომ ევროტურნირებზე თამასი მოუწევს. ასე უფრო ჩამოიყვან ისეთ მოთამაშეს, რომელიც გამოგადგება და შესაძლოა, მისი წინსვლით გუნდმაც სარგებელი ნახოს. მოლაპარაკება ამის შესახებ რამდენიმე კლუბთან გვაქვს“.