თანამშრომლობით კმაყოფილები არ ვართ - ქეცბაიამ ნინუა გააკრიტიკა #1TVSPORT
თემურ ქეცბაია არ მალავს, რომ ნიკა ნინუას დამატებით კმაყოფილი არ არის. თავდაპირველად, კვიპროსულ მედიაში „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელის მოკლე კომენტარი გამოქვეყნდა, სადაც ის ამბობდა, რომ 22 წლის ნახევარმცველს ტრავმა ჰქონდა და ბოლო ტურის განაცხადში ამიტომ არ იყო.
თუმცა, ეს ფამაგუსტელთა ქართველი მწვრთნელის ნათქვამის მხოლოდ ნაწილი იყო, უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი მოგვიანებით გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ თემურ ქეცბაია სალონიკის პაოკ-იდან დამატებული ქართველი ნახევარმცველის ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილოა.
საქმე ისაა, რომ ქართველ მწვრთნელს კითხვა თანამემამულე ნახევარმცველზე დაუსვეს – რატომ აქვს ნინუას სათამაშო დრო შეზღუდული და მან საჯაროდ განაცხადა, რომ თანამშრომლობით ბედნიერი არც ერთი მხარე არ იყო.
„მას დიდი დრო დასჭირდა, რომ გუნდს შეეჩვიოს. ფეხბურთელს სათამაშოდ ათი წუთი რომ მივცე, შენც რაღაც უნდა აჩვენო. ახლა მას კუნთების პრობლემა აქვს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ მისით კმაყოფილები არ ვართ და არც ისაა ჩვენთან კმაყოფილი“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისის“ კონფერენს-ლიგის ჯგუფში ფამაგუსტას გუნდის მოხვედრის შემდეგ, ნიკა ნინუა დაიმატა. ქართველ ნახევარმცველს საბერძნეთის სუპერლიგის პაოკ-შიც არ ჰქონდა სათამაშო დრო. ნინუამ სულ 3 მატჩი ჩაატარა, ერთი ძირითადში და ორი – შეცვლაზე, ჯამში კი 86 წუთი ითამაშა. კვიპროსულ და ბერძნულ კლუბებს შორის საიჯარო ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული.