თამაზ პერტია „ლიეპაიაში“ ქართველი ლეგიონერების თამაშით კმაყოფილია #1TVSPORT
„ლიეპაიას“ მთავარმა მწვრთნელმა, თამაზ პერტიამ ლატვიის ჩემპიონატის ბოლო ტურში „აუდასთან“ შეხვედრაში ორი ქართველი ფეხბურთელის, რატი არდაზიშვილისა და გუნდის კაპიტნის, ლუკა სილაგაძის თამაში გამოარჩია.
„ბოლო ტურში შესანიშნავად წარმოაჩინა თავი რატი არდაზიშვილმა. „აუდასთან“ ბევრად უკეთ ითამაშა, ვიდრე წინა შეხვედრებში. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უცხო ჩემპიონატს თანდათან ეგუება. რატიმ შეტევაშიც და დაცვაშიც ბრწყინვალედ იასპარეზა, არ მეგონა, ამდენი სირბილი თუ შეეძლო.
რაც შეეხება ლუკა სილაგაძეს – ის შეტევის დროს ძალიან საშიშია, მაგრამ ამჯერად დაცვაშიც ბრწყინვალედ ითამაშა, ლუკა ნამდვილი პროფესიონალია. ამპლუით შემტევია, მაგრამ საკადრო პრობლემების გამო, პრაქტიკულად, მარჯვენა მცველად ვათამაშეთ და დავალებას თავი კარგად გაართავა. სილაგაძე ნებისმიერ პოზიციაზე მთელი გულით თამაშობს, ის გუნდის კაპიტანი და ნამდვილი ლიდერია“, – განაცხადა თამაზ პერტიამ.