თამაზ პერტიამ ლატვიაში კლუბი შეიცვალა და ამიერიდან „ლიეპაიას” გაწვრთნის – 47 წლის ქართველ სპეციალისტზე ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„ლატვიის ლიგის მესამეადგილოსანმა „ლიეპაიამ“ დაადასტურა ქართველი სპეციალისტის, თამაზ პერტიას დაბრუნება გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. ბოლო სამი სეზონის განმავლობაში პერტია მუშაობდა „ვალმიერაში“ და გუნდს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა“, – წერია „ლიეპაიას“ პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
„ლიეპაიამ“ გასულ სეზონში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუნდს ბელორუსი კირილ ალშევსკი ავარჯიშებდა, რომელთანაც კონტრაქტის გაწყვიტეს. 47 წლის თამაზ პერტიასთვის „ლიეპაია“ უცხო გუნდი არაა – ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 2016-2018 წლებში მუშაობდა.
პერტიამ სამწვრთნელო კარიერა ლატვიაში დაიწყო. 2008 წელს დაუგავპილსის „დინაბურგი“ ჩაიბარა, 2010 წლის 2 ივნისს – დაუგავპილსის „დაუგავა“, 2011 წლის აგვისტოში „ოლიმპსის“ შეთავაზება მიიღო, შემდეგ იყო რიგის „სკონტოს“ ახალგაზრდული აკადემია, „სკონტო 2“, 2012 წლის დეკემბერში კი პერტია მთავარი „სკონტოს“ მწვრთნელი გახდა.
ქართველმა სპეციალისტმა თავისი ერთადერთი ტიტული „ლიეპაიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოიგო – კლუბი 2016 წლის ნოემბერში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2017 წელს ლატვიის თასი მოიპოვა.
2018 წლიდან „ვალმეირაში“ მუშაობდა – აღსანიშნავია, რომ პერტიას ხელმძღვანელობით ეს გუნდი პირველ ადგილზე იმყოფებოდა.