თამაზ კოსტავამ ძველი „დინამო“ გაიხსენა - გუნდში ისეთი ლეგენდები დამხვდნენ, ვერც წარმოვიდგენდი, მათ გვერდით თუ ვითამაშებდი #1TVSPORT
„საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა ლეგენდარული თბილისის „დინამოს“ ვარსკვლავები, თამაზ კოსტავა და თენგიზ სულაქველიძე მიიწვია, 13 მაისის წარმატება და მათი კლუბში გადასვლის ისტორია გაახსენა.
„1975 წლის ბოლოს ქუთაისში ჩამოვიდა სერგო კუტივაძე, სურდა, რომ „დინამოში“ წავეყვანეთ – მე, ოთარ გაბელია და რამაზ შენგელია. შემეშინდა, რომ ძირითადში ვერ მოხვდებოდი და 1976 წლის სეზონი ისევ „ტორპედოში“ ვითამაშეთ. 1976 წლის ბოლოს „დინამოდან“ ბევრი ვეტერანი მოთამაშე წავიდა და ჩემი ადგილიც გამოჩნდა. „დინამოში“ ავუხსენით, თავიდან არ მოტივით ვთქვით უარი და გაგვიგეს“, – გაიხსენა თამაზ კოსტავამ.
თენგიზ სულაქველიძე: „სხვათა შორის, თავიდან მეც უარი ვთქვი, რადგან ჩემს ადგილზე ძალიან დიდი კონკურენცია იყო. მერე ვიფიქრე, ჩავალ და ვითამაშებ, თუ არაფერი გამომივა, ქუთაისი ხომ არსად წავა-მეთქი. „დინამოში“ ყველაფერი კარგად აეწყო. სხვათა შორის, მე, თამაზ კოსტავა, რამაზ შენგელია და ზაურ სვანაძე ახალგაზრდობიდან ერთად მოვდივართ. ისინი „დინამოში“ ჩემზე ერთი წლით ადრე წამოვიდნენ. ჩვენი გამზრდელი მწვრთნელი კი ცნობილი კარლო ხურციძე იყო. მერე კი, ანატოლი ნორაკიძის დამსახურებაა, რომ ამ დონეზე მოგვამზადა. მაშინ პირველ ლიგაში ბევრი კარგი გუნდი თამაშობდა და მათთან შეხვედრებში ვიზრდებოდით“.
თამაზ კოსტავა: „პირველ ლიგაში სულ სხვა ფეხბურთი იყო, უფრო ძალისმიერი. უმაღლეს ლიგაში და „დინამოში“ მეტი სისწრაფე და ტექნიკა დაგვხვდა, მეტი დაზღვევა და ჩართვები გვჭირდებოდა, კლასი მაღალი გახლდათ და ადაპტაცია იოლი არ ყოფილა. გვქონდა განვითარების კარგი საშუალება. მაშინ ფეხბურთელებს ძალიან აფასებდნენ და „დინამოში“ ისეთი ხალხი თამაშობდა, ვერც წარმოვიდგენდი, მათი გუნდელი თუ გავხდებოდი“.
თენგიზ სულაქველიძე: „დინამოში“ ძალიან კარგი მწვრთნელი დაგვხვდა ნოდარ ახალკაცის სახით. ვარჯიშის შემდეგ გვტოვებდა და გვავარჯიშებდა. მაშინ ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვყავდა – გუცაევი, ყიფიანი, ხინჩაგაშვილი, მაჩაიძე. 4-5 წლით უფროსები იყვნენ. ისინი ბევრს გვასწავლიდნენ და მათ გვერდით თამაში დიდი ბედნიერება იყო. გამოცდილებმა პატარა მეგობრებად მიგვიღეს და ყველაფერში გვერდში დაგვიდგნენ“.
ვლადიმერ გუცაევი: „დინამოში“ დუბლებში რომ დამიბარეს, პირველ გუნდში თამაშობდნენ – მესხი, მეტრეველი, ასათიანი, ხურცილავა, ძოძუაშვილი, ნოდია… ვასრკვლავები. გავიფიქრე – აქ რა მინდა, ვინ მელოდება?“
თენგიზ სულაქველიძე: „იმიტომაც გავიზარდეთ და მოვუმატეთ, რომ ასეთი კვალიფიკაციის მოთამაშეები დაგვხვდნენ. დიდი ფეხბურთელის გვერდით ახალგაზრდა ძალიან ბევრს სწავლობს“.