თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტარები გვეკითხებიან, თეორიულადაც როგორ შეიძლება მოხდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საბჭოთა ჩინოვნიკი გახდეს
თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტარები გვეკითხებიან, თეორიულადაც როგორ შეიძლება მოხდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საბჭოთა ჩინოვნიკი გახდეს

ევროპარლამენტარები გვეკითხებიან, თეორიულადაც როგორ შეიძლება მოხდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საბჭოთა ჩინოვნიკი გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.​

​„ამ დღეებში გვქონდა შეხვედრები არაერთ ევროპარლამენტართან. გუშინ სხდომაზეც ითქვა ეს, მაგრამ სხდომის მიღმაც არაერთმა დეპუტატმა დაგვისვა შემდეგი კითხვა – საქართველოში, ქვეყანაში, რომლის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ, პოტენციურად, თეორიულადაც როგორ არის შესაძლებელი, რომ პრეზიდენტი გახდეს საბჭოთა ნომენკლატურის ადამიანი, საბჭოთა ჩინოვნიკი, რომელსაც მთელი თავისი კარიერა სწორედ იქ აქვს გატარებული, ასევე არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები მის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირებზე.

ეს კითხვები აქვთ ევროპარლამენტარებს – ოპოზიციამ რაც უნდა თქვას, მოიგონოს და უაზრობები მოვისმინოთ, ეს კითხვები მაინც არის ევროპარლამენტში. მე ეს კითხვები მოვისმინე არაერთი ადამიანისგან. საქართველოს მოქალაქეებმაც უნდა დაუსვან ეს კითხვები საკუთარ თავს, როგორ შეიძლება, საქართველოში საბჭოთა ნომენკლატურის ადამიანი, საბჭოთა ჩინოვნიკი პოტენციურად გახდეს პრეზიდენტი, შანსი მაინც ჰქონდეს, რომ იყოს საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი და არის თუ არა ეს სწორი ჩვენი ქვეყნისთვის. მე მგონია, რომ მოქალაქეებს სერიოზულად სჭირდებათ ამაზე დაფიქრება, ვიდრე მეორე ტურზე მივლენ და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა, ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტში გუშინ განაცხადა: „ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“.