თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები შსს-ს გენინსპექციაში იმყოფებიან
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები შსს-ს გენინსპექციაში იმყოფებიან

თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი შსს-ს გენინსპექციაში გამოკითხვაზე იმყოფება, სადაც უნდა ისაუბროს სამართალდამცველის, ლადო ბაჭულაშვილის შესახებ. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გენერალურ ინსპექციაში მეუღლესთან, შვილთან და ადვოკატთან ერთად მივიდა.

„უნდა გამომკითხონ იმასთან დაკავშირებით, რაც ბაჭულაშვილმა მითხრა – შენი გოგო ძალიან დიდ შარშია გახვეულიო. ეს ჩემმა მეუღლემაც გაიგო და მოსული ვართ გენინსპექციაში. ვნახოთ, რას იტყვიან. ველოდები. დიდი ხანია, არანაირი რეაგირება არ ყოფილა. თვითონვე დამიკავშირდნენ გენინსპექციიდან დღევანდელ გამოკითხვასთან დაკავშირებით. აქამდე არ გამოვკითხულვარ ამ თემაზე. სულ ვიძახდი, რატომ არ გაინტერესებთ, თუ რის გამო მითხრა ამ პიროვნებამ ასე, როდესაც დავურეკე, ახლა მაგაზე ვმუშაობ და შენი გოგო ძალიან დიდ შარშია გახვეული, დამაცადეო. მერე ერთი საათის შემდეგ დავრეკე, მას მერე აღარ უპასუხია“, – აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

ამავეს ადასტურებს მისი მეუღლე თეონა თამაზაშვილიც.

„სხვა მოწმე არ გვყავს ბაჭულაშვილთან დაკავშირებით. მეც მივადე ყური, როდესაც ჩემი მეუღლე ესაუბრებოდა და იგივე გავიგონე, რაც ჩემმა მეუღლემ თქვა – „თქვენი შვილი მაგარ შარშია“ და ამის სათქმელად ვართ“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ამასთან, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი საუბრობს, რომ ეზოში შენიშნეს საეჭვო ავტომანქანა „შკოდა“.

„მე გადავუღე სურათი. „შკოდის“ მარკის მანქანა ეზოში ტრიალებს, კორპუსს წრეს არტყამს, მეზობლებს სურათს უღებს. მეზობლებმა მითხრეს, რომ ეს ასე იყო, მაგრამ მე თვითონ გუშინწინ დავაკვირდი, დავინახე. ბავშვებმა მაჩვენეს, აგერ ეს მანქანა დადისო. ეს „შკოდა“ მეზობლებს ორ-სამჯერ ჰყავთ ნანახი. გადაადგილდება. მეზობლებთან არ შესულა კონტაქტში. ამასაც ვიტყვი შსს-ში“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.