თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს
თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს გარდაცვლილის მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. თეონა თამაზაშვილმა ცოტა ხნის წინ დატოვა თბილისის პროკურატურის შენობა, სადაც, მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის ახალ ჩვენებას გაეცნო.
თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ დეა კაპანაძის ჩვენება წინა მისი ჩვენებისგან განსხვავებულია.
„დეას სრულიად განსხვავებული ვერსიაა წინა ჩვენებებისგან. მე დავსვი კითხვები, რაც მაინტერესებდა, რადგან არ მხვდებოდა. მოსაძებნად რომ წავედით და ასეთი საუკეთესო მეგობრის მოსაძებნად არ წამოვიდა, თურმე სიბნელის ეშინია. სიბნელის ეშინია გარკვეული ადგილების მიხედვით, რადგან უბანში არ ეშინია, ქალაქში არ ეშინია, სადაც ბევრი ხალხია, მაგრამ თეთრიწყაროს რაიონში რატომღაც, ეშინია, მიუხედავად იმისა, რომ დედაც იქ იყო და ძმაც იყო. არ გვჯერა, რადგან რაღაც იცის და ასე ნიღბავს იმ რაღაცას. სავარაუდოდ იცის იმის ვინაობა, ვინც გაიტყუა. ბატონი მიხეილი ეცნობა ახლა ჩვენებას.
დეასთან დაკავშირებით ეჭვი მაქვს, რომ იცის თამუნას გამტყუებლის ვინაობა და არ ასახელებს. მე მოვითხოვე მისი ხელახლა დაკითხვა და ამის გამო დედამისს ერთი ამბავი აუტეხავს, არ დაგვანებებს თავსო? საუკეთესო მეგობარი, რომელიც ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო ეს დღეები, საერთოდ არ მოვიდა, არ დამიდგა გვერდში. ამან გამოიწვია ეჭვები. არაა გამორიცხული ზეწოლა და არაა გამორიცხული შიში. ჩვენება განსხვავებულია და იმას ასაბუთებს, რომ მაშინ ზეწოლის ქვეშ ვიყავი ჟურნალისტების. ამას აბრალებს თავის გარკვეულ ჩვენებებს. ეს დეას მეხუთე ჩვენებაა და არის განსხვავებული“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურაში კითხვები დასვა მანქანებთან დაკავშირებით, რომლებზეც ოჯახი საუბრობს.
„ავტომობილის ნომრებთან დაკავშირებით დავსვი კითხვა და აღმოჩნდა, რომ შევიდნენ შავნაბადის სამხედრო ბაზაზე. რა უნდა სამთავრობო მანქანებს შავნაბადის სამხედრო ბაზაზე, ამ კითხვაზე პასუხი ვერ გამცეს.
ეს მანქანები თამუნას მარშრუტს არ მიყვებოდნენ, მაგრამ არ არის გამორიცხული. იქ კოდადან არის გადასახვევი და მოკლე გზით იქ წავიდოდნენ, იქ დახვდებოდნენ. ზუსტად მაგიტომ იყო გათვალისწინებული, რომ მარტო დაეფიქსირებინა კამერებს თამუნა, რომ მარტო მიდიოდა თეთრიწყაროში თავის მოსაკლავად. აბა, ბოლომდე რომ გაყვებოდნენ, ხომ გამოიწვევდა გარკვეულ ეჭვს. მოკლე გზით გადავიდოდნენ და იქ დახვდებოდნენ. ამოიღებენ კამერებს, გამოიკვეთება მარშრუტები და გაირკვევა“, – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.
თეონა თამაზაშვილი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილის პროკურატურაში მასალების გასაცნობად იმყოფებოდნენ.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში რჩება, სადაც საქმის მასალებს ეცნობა.