მუროდალი ახნაზაროვი „სამტრედიის“ ფეხბურთელია. თურქული „ანთალიასპორის“ აღზრდილი და ტაჯიკეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი კლუბმა დღეს წარადგინა.
ტაჯიკი ფეხბურთელებისადმი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც აზიის თასზე ტაჯიკეთის ნაკრებმა წარმატებით ითამაშა.
საქართველოში ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის მეოთხე მოთამაშე ჩამოვიდა. წყალტუბოს „სამგურალში“ გააგრძელებენ კარიერას 19 წლის ნახევარმცველი ალიჯონი აინი და 19 წლის მცველი მეხრუბონ ქარიმოვი, „დინამო თბილისმა“ კი 21 წლის ალიშერ შუქუროვი დაიმატა.
ცოტა ხნის წინ ტაჯიკეთის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად გელა შეყილაძე დაინიშნა. 53 წლის ქართველი სპეციალისტი ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების მოთამაშე იყო. ის 2021 წლიდან ტაჯიკეთის ნაკრებში პეტრ სეგრტის ასისტენტად მუშაობდა, მისი თანაშემწე თამაზ ბოკერია იქნება.