ტაისონ ფიური აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატზე (UFC) ასპარეზობით კვლავ დაინტერესებულია
ტაისონ ფიურის შესაძლო მეტოქეთა სია საკმაოდ ვრცელია. დიდია ალბათობა დეონტე ვაელდერთან რიგით მესამე ბრძოლის. ასევე შესაძლებელია, რომ „ბოშათა მეფე” თანამემამულე ენტონი ჯოშუას შეხვდეს.
მძიმეწონოსანი ჩემპიონისთვის ასევე არსებობს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ვარიანტი. მედიაში არაერთხელ დაიწერა ფიურის შესაძლო გზების გადაკვეთა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან (UFC). კუგან კასიუსთან გამართულ ინსტაგრამ ლაივის დროს ტაისონმა განაცხადა, რომ დანა ვაიტს კიდევ ერთხელ ესაუბრა.
„მე დანა ვაიტთან საკმაოდ ბევრი მოლაპარაკება და საუბარი მაქვს გამართული UFC-ში რომელიმე მებრძოლთან დაპირისპირების შესახებ. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამ ეტაპისთვის მე არ მესაჭიროება მათთან ბრძოლა. ჯერჯერობით მე ჩემს სპორტში (კრივი) მაქვს საქმეები დასასრულებელი. მე აუცილებლად უნდა გავმართო მესამე ბრძოლა ვაელდერთან. ასევე ენტონი ჯოშუასთან და დილიან ვაიტთან. მე ნებისმიერთან საბრძოლველად მზად ვარ. ბევრი პერსპექტიული სპორტსმენი გამოჩნდა. ჯოი ჯოისი, დენიელ დუბოისი და ტონი იოკა. მრავლადაა „ახალი ხორცი”. ასე რომ, სანამ კრივში საქმეებს არ მოვრჩები მე არ მჭირდება ფრენსის ნგანუსთან ბრძოლა. არც სტიპე მიოჩიჩთან ან ბროკ ლესნართან. როდესაც კრივში კარიერის დასრულებაზე დავფიქრდები ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სხვაგან გახედვაც.” – განაცხადა ფიურიმ.