„თაიმსი“ - მბაპემ აცნობა პსჟ-ს, რომ სეზონის შემდეგ გუნდიდან წასვლა სურს
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს 2021 წლის ზაფხულში გუნდის შეცვლა სურს.
გაზეთ „თაიმსის“ ცნობით, ფრანგმა უკვე აცნობა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას, რომ გეგმავს სეზონის ბოლოს წასვლას და ახალ ადგილას კარიერის გაგრძელებას.
აღნიშნავენ, რომ 21 წლის ფეხბურთელი ინგლისის ჩემპიონატს ან ლა ლიგას უმიზნებს.
მბაპე „პარი სენ-ჟერმენში” 2017 წელს „მონაკოდან“ გადავიდა და სამჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი პარიზელთა რიგებში. ასევე ორ-ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და ქვეყნის ლიგის თასი.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ მბაპემ რამდენჯერმე უარი თქვა პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელებაზე. კლუბი შეიძლება დათანხმდეს 2021 წელს მის გაშვებას, რათა ფორვარდი 2022 წელს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ უკომპენსაციოდ არ დაკარგონ.
მბაპეზე პრეტენდენტებს შორის მოიხსენიებენ – „რეალს“, „იუვენტუსს“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულს“. ფეხბურთელის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა.
გასულ სეზონში მბაპემ 37 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.