ტაიმაუტმა წლის სპორტსმენ მამაკაცად ხვიჩა კვარაცხელია და ტატო გრიგალაშვილი დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ წლის სპორტსმენ მამაკაცად ერთდროულად ორი სპორტსმენი, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი დაასახელა.
წლის სპორტსმენი მამაკაცი – ხვიჩა კვარაცხელია, ტატო გრიგალაშვილი
ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებამდე მიიყვანა, ხოლო „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ, გუნდის ლიდერი და ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდა. სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა შეასრულა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. აგვისტოში ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს ლიგის ოფიციალურმა გვერდმა და იტალიის მოთამაშეთა გაერთიანებამ თვის მოთამაშედ დაასახელა.
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი 2022 წელს სოფიაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალიც მოიპოვა და კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
„წელს საუკეთესო სეზონი მაქვს. გავხდი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მოვიგე შემაჯამებელი ტურნირი – იერუსალიმის მასტერსი. ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, რომ მომავალში უფრო მეტი გამარჯვებები იქნება“, – თქვა ტატო გრიგალაშვილმა.