ტაიმაუტის ექსკლუზივი | ზურიკო დავითაშვილი - შოტლანდიასთან მოგებას ვიმსახურებდით #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტმა“ შოტლანდიასთან ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ზურიკო დავითაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც „ბორდოს“ ქართველმა ნახევარმცველმა შვილის დაბადებით გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრა.
„ეს იმხელა ემოციაა, რომლის გადმოცემაც შეუძლებელია. ძალიან სასიამოვნოა, რომ მთელი სტადიონი მხარს მიჭერდა და მამხნევებდა. რაც შეეხება ხვიჩას გოლს და მის აღნიშვნას, თამაშამდე ვილაპარაკეთ და ვიცოდი, რომ გოლი ასე უნდა აღგვენიშნა. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ მომენტში – ვიცოდი, რომ ჩემკენ მორბოდნენ, ეს მაგარი ემოცია იყო.
ჩემი აზრით, ამ თამაშის გმირი 100 პროცენტით ხვიჩა კვარაცხელია იყო. ძალიან დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ და ბოლო წუთზე გოლი გავუშვით. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ, შოტლანდიასთან მოგებას და სამ ქულას ვიმსახურებდით. ამიტომ საქმე ესპანეთთან თამაშით უნდა გამოვასწოროთ.
რა თქმა უნდა, რთულია ესპანეთში იმ განწყობით ჩასვლა, რომ რევანში უნდა ავიღოთ და 7:0 მოვუგოთ. მაგრამ ძალიან მწარედ გვახსოვს „დინამო არენაზე“ მათთან წაგება და ჩვენი, გულშემატკივრებისა და ოჯახების წევრების ემოცია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვანახოთ – ასეთ ნაკრებებთან თამაში და გამარჯვება შეგვიძლია“, – განაცხადა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზურიკო დავითაშვილმა.