„ტაიმაუტის“ ექსკლუზივი | ვილი სანიოლი - ვერ ვიტყვი, რომ კანკავას წასვლამ პრობლემები შეგვიქმნა, ოქტომბრის თამაშებში შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იქნება #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდის პრობლემების შესახებ ისაუბრა.
„საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გავიაროთ და დასკვნები ამის შემდეგ გავაკეთოთ. ჩვენთვის პლეი ოფის მატჩები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.
ნაკრებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოვიდა და მათ უნდა მივცეთ დრო. თუ ეს მოთამაშეები მარტის პლეი ოფის თამაშებისთვის გვჭირდება, მაშინ ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება უნდა მიიღონ.
საქართველოს ნაკრებში უკვე ორწელიწად-ნახევარია ვარ და ვერც ვიტყვი, რამდენი ახალგაზრდა მოვიწვიე. შესაძლოა, ეს ნორმალური არც იყოს, მაგრამ მე მათთან მუშაობა ძალიან მიხარია. მაგალითად, ჩვენს გუნდში იყვნენ: კალანდაძე, სიგუა, გოჩოლეიშვილი. თუ ხედავ, რომ წარმატებულები არიან, უნდა მიიწვიო.
კანკავას წასვლის შემდეგ არის თუ არა საყრდენის პოზიცია ნაკრებში პრობლემური? ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. როდესაც მან გუნდი დატოვა, აბსოლუტურად სხვა სათამაშო სისტემაზე გადავედით. კარგად უნდა გამიგოთ, ჯაბა შესანიშნავი მოთამაშეა, იყო კაპიტანი და ნაკრებისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ ამის შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი წაუგებლად ვთამაშობდით და ვერ ვიტყვი, რომ მისმა წასვლამ პრობლემები შეგვიქმნა.
ოქტომბრის მატჩებში ნაკრებში ცვლილებები იქნება. ამხანაგურ თამაშსაც გავმართავთ და ამ ორ შეხვედრაში, ტაილანდთან და კვიპროსთან ბევრ მოთამაშეს მივცემთ შანსს. გვსურს, ისინი განვითარდნენ.
სათამაშო სქემის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში არ ვისაუბრებ, მაგრამ მთავარია, დისციპლინა დავიცვათ. ამას ადრე ვახერხებდით და ახლაც იმავეს ხილვა მსურს. ის გუნდი არ გვეყოლება, რაც ნორვეგიასთან. იქ ზოგმა კარგად ითამაშა, ზოგმა კი – არა. ფეხბურთში ახალი სისხლი მნიშვნელოვანია.
მსურს, გუნდმა მეტი ძალისხმევა გამოავლინოს. გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ბევრი კარგი რამის გაკეთება სურთ, მაგრამ ზოგჯერ მატჩის დროს ერთიანობას კარგავენ, რაც ცუდია. ამიტომ, თუ ეს იშვიათად მოხდება, მეტი გოლის გატანის შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვილი სანიოლმა.