ტაიმაუტის ექსკლუზივი | რიჩარდ კოკერილი - გვინდა, ჩამოვაყალიბოთ ძნელად დასამარცხებელი გუნდი #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი, რიჩარდ კოკერილი, რომელმაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, უნდა გავიცნო მოთამაშეები. საკმაოდ უნიკალური სამუშაოა, როდესაც ერთდროულად ნაკრებს და კლუბს უდგები სათავეში, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგი ინიციატივაა, რადგან „შავი ლომის“ მოთამაშეთა 50 პროცენტი საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ვეცდები, მოვერგო ქართული რაგბის ტენდენციებს და გაცილებით უკეთეს შედეგებს მივაღწიო.
მნიშვნელოვანია, რომ ისტორიულად საქართველოს საკუთარი თვითმყოფადობა გააჩნია ამ თამაშში. საქართველოს ნაკრების წარმატება, ძირითადად, მორკინალებზე იყო დამყარებული, მაგრამ უნდა შეიცვალოს გუნდის უნარები. მოდიან ახალი თაობის წარმომადგენლები, ჩვენ მათ განვითარების საშუალებას მივცემთ. უნდა მოვიგოთ თამაშები, რათა 2027 წელს ავსტრალიაში მსოფლიო თასზე ვითამაშოთ, ძლიერი გუნდი უნდა გვყავდეს, რომ წინ ვიაროთ.
ახალგაზრდების წარმოსაჩენად „შავი ლომი“ ძალიან კარგი ბაზაა. კარგად მუშაობენ ნაკრებების მწვრთნელები, იქმნება ერთიანი ძლიერი გუნდი. უნდა მივცეთ ახალგაზრდებს შესაძლებლობა, შესაბამის დროს ითამაშონ ეროვნულ ნაკრებში.
ამ ეტაპზე კონტრაქტის პირობები ორივე მხარისთვის მისაღებია. თუ კმაყოფილები ვიქნებით იმით, რასაც ვაკეთებთ, ერთი წლის შემდეგ შეგვიძლია გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოთამაშეთა განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. გვინდა, ჩამოვაყალიბოთ ძნელად დასამარცხებელი გუნდი, ამისთვის თავდადება არის უპირველესი და მოთამშეებს ამ მახასიათებლებით ვეძებთ, რომლებიც ითამაშებენ „შავ ლომში“ და ეროვნულ ნაკრებში.
ახალგაზრდებს მუშაობის პროცესში დავაკვირდებით. 20-წლამდე ნაკრები კარგი გუნდია, მისი მორაგბეები თამაშობენ საქართველოშიც და საფრანგეთშიც. ჩვენ ისინი ერთ გუნდად უნდა გავაერთიანოთ. დაახლოებით 40 ტესტმატჩი გველოდება, სანამ მსოფლიო თასზე ვითამაშებთ. გვჭირდება, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ გამოცდილება, 25-30 მატჩი მაინც უნდა ითამაშონ, რომ შეიგრძნონ მსოფლიო თასის სულისკვეთება.
გუნდში ახალგაზრდების ინტეგრირება რთული პროცესია და დიდი გამოწვაა, მაგრამ თუ არ შეცვალე, არ შეიცვლება თამაში.
ვფიქრობ, თანმიმდევრულობა არის მნიშვნელოვანი და ამის მიღწევა გვინდა ყოველდღიური მუშაობით. ამბობენ, რომ საქართველომ ცუდად ითამაშა მსოფლიო თასზე, მაგრამ საქართველოს ნაკრებს პორტუგალია რომ დაემარცხებინა, მისი თამაშის მიმართ სხვა მიდგომა იქნებოდა.
ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა „შავ ლომთან“ და ნაკრებთან. უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები, ისე უნდა ვითამაშოთ, რომ მსოფლიო რაგბის მესვეურებს არჩვენი აღარ დარჩეთ და მაღლი რანგის ტურნირებში სათამაშოდ მიგვიწვიონ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ჩემმა წინამორბედებმა, ლევან მასაშვილმა და მილტონ ჰეიგმა დიდი სამუშაო გასწიეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გუნდის შენება. გვექნება შესაძლებლობა, ვითამაშოთ დიდ გუნდებთან და როდესაც მსოფლიო თასისთვის მზადების შუა ეტაპზე ვიქნებით, დაახლოეით 80 პროცენტი გუნდის შემადგენლობის გვეცოდინება.
ახლა რთული სათქმელია, რა იქნება მომავალში, მაგრამ მინდა, რომ საქართველოს ნაკრები უკეთეს ადგილზე დავტოვო, როგორც ამას აკეთებდნენ ჩემი წინამორბედები“, – განაცხადა რიჩარდ კოკერილმა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას.