ტაიმაუტის ექსკლუზივი | ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი - მთავარი მეტოქე საკუთარი თავია, რომლის დამარცხება ყოველდღე გიწევს #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი - მთავარი მეტოქე საკუთარი თავია, რომლის დამარცხება ყოველდღე გიწევს #1TVSPORT

გადაცემა „ტაიმაუტს“ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი ლაშა შავდათუაშვილი სტუმრობდა. შეგახსენებთ, რომ ლაშა გახდა პირველი სპორტსმენი ქართული ძიუდოს ისტორიაში, ვისაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.

ლაშა შავდათუაშვილი: „ბედნიერი ვარ, რომ ახლა უკვე სამივე ტიტული მაქვს და ვარ პირველი ქართველი, რომელმაც ეს წარმატება მოვიპოვე. მსოფლიო ჩემპიონატებზე 2013 წლიდან ვასპარეზობ და სამწუხაროდ ვმარცხდებოდა, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის განსაკუთრებული ბარიერი. დარწმუნებული ვიყავი, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევდი. რთულია მსოფლიოს ჩემპიონობა. მომიწია ექვსი შეხვედრის ჩატარება, გავხდი ჩემპიონი და უზომოდ ბედნიერი ვარ ამ წარმატებით“.

„ტაიმაუტის“ წამყვანის, ლიკა ჭოჭუას თხოვნით, ლაშა შავდათუაშვილმა გაიხსენა გზა, რომელმაც ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუტანა: „როცა სპორტსმენი ტურნირზე ჩადის, ის განწყობილია ბრძოლისთვის. აქვს ძალიან დიდი მოტივაცია და სურვილი, რომ კვარცხლბეკზე ავიდეს. შეხვედრას მარტივად არავინ დაგითმობს და ბრძოლისთვის მზად ვიყავი. ორმაგი შემართება და მოტივაცია მქონდა. ეს იყო ჩემი კიდევ ერთი შანსი,  რომ გამარჯვება მომეპოვებინა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტსმენისთვის, რომ მზადების პერიოდში, კონკრეტულ დღეს აჯობო საკუთარ თავს. ყველაზე დიდი კონკურენტი მიმიაჩნია, რომ საკუთარი თავია, რომლის დამარცხებაც ყოველდღიურად გიწევს. ძალიან დიდი შრომა სჭირდება სპორტსმენს, რომ კონკურენციას გაუძლოს. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ჩემპიონატია, წონაში ერთი ოქროს მედალი თამაშდება და რამდენი სპორტსმენი იბრძვის ამ დიდი შედეგისთვის.

ძიუდო უამრავ ბედნიერ წუთსა და მომენტებს მაძლევს. როცა ქუჩაში გამოდიხარ და სრულიად უცნობი ხალხი გამოხატავს ასეთ დიდ სიყვარულს, როგორ შეიძლება, ძიუდო არ შეიყვარო, თავი არ მიუძღვნა, შენი პირადი ამბიციები გვერდზე არ გადადო და არ იბრძოლო მიზნისთვის. ვერაფერ მატერიალურს ვერ შევადარებ, ახლოსაც კი ვერ დავაყენებ, იმდენად დიდი სიხარული მოაქვს ჩემთვის ძიუდოს. ეს სიყვარული მაძლევს მოტივაციას, რომ ყოველდღიურად დავიხარჯო და საკუთარ თავს ყოველდღიურად მოვთხოვო მაქსიმუმი“.

„ტაიმაუტის“ წამყვანმა, ხატია ალადაშვილმა ყველაზე ტიტულოვან ქართველ ძიუდოისტს სთხოვა, რომ მომავალი თაობის სპორტსმენებისთვის რჩევა მიეცა: „პირველრიგში დიდი მოტივაცია უნდა ჰქონდეთ – სპორტისადმი სიყვარული, რასაც აკეთებენ, ის საქმე უნდა შეიყვარონ. სპორტსმენის ცხოვრებაში ყოველდღე სამჯერ თენდება და სამჯერ ღამდება. დილის ვარჯიში, შემდეგ დასვენება, მერე ისევ ვარჯიში. მოსაბეზრებელი იქნება და ვერ გაუძლებ ადამიანი ამ ყველაფერს, თუ არ გიყვარს. მინდა ვურჩიო, რომ ბოლომდე დაიხარჯონ, საკუთარ თავში შეცდომები იპოვონ. როცა ადამიანი საკუთარ განვლილ გზას გახედავს, გული არ უნდა დაწყდეს, რომ მიზანს რამე დააკლო და რაღაცის გამო მიზანი გვერდზე გადადო. პირიქით, ყველაფერი უნდა გაიღო, რომ შემდეგ ორმაგად დაგიფასდეს. მინდა, რომ მაგალითი ვიყო მომავალი თაობისთვის და მათ მიზნად დაისახონ ლაშა შავდათუაშვილის რეკორდების მოხსნა“.

ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლების მფლობელმა ქართული ძიუდოს ახალგაზრდა ტალანტზე, ტატო გრიგალაშვილზეც ისაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა: „ტატო საოცარი სპორტსმენია. მას ძალიან ბევრი შეუძლია. კარიერა ჯერ წინ აქვს და ყველაფერს ახლა იწყებს. როდესაც სპორტსმენი ბევრს შრომობს, არ არსებობს, მას რამე დაეკარგოს. ტატო ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია მომავალი თაობისთვის, იმდენად მოტივირებულია და იმდენად უყვარს საკუთარი საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. ზოგადად, კი ჩვენს ქვეყნას ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა და ნაკრები ჰყავს“.