„ტაიმაუტის“ ექსკლუზივი I ლევან კობიაშვილი - საფეხბურთო სამყაროში ყველა ისე აღიქვამს, თითქოს ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ საქართველოში ჩატარდა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ბათუმიდან ჩაერთო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომლის თქმითაც, უეფა-სა და ევროპული ქვეყნების ფედერაციებში ჩვენი ქვეყნის მიერ ევრო 2023-ის მასპინძლობით კმაყოფილები არიან.
„უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან მთელმა ქვეყანამ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია, მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ ასეთი დონის ტურნირს. ცხადია, სპორტული კუთხითაც ბედნიერი დღეები გვქონდა, მაგრამ, მეორე მხრივ, იყო გულდასაწყვეტი მომენტები, ამას ყველა ვგრძნობთ.
ორ დღეში ფინალია და დარწმუნებული ვარ, მასაც ღირსეულად ჩავატარებთ. მეორე და მნიშვნელოვანი მომენტი – ტურნირი ორ ქვეყანაში მიმდინარეობს, პირად საუბარში საფეხბურთო სამყაროში კი ყველა ამბობს, საერთო აღქმაა, რომ ევრო 2023-ი ჩატარდა მხოლოდ საქართველოში. ეს ეხება ორგანიზაციასა და გულშემატკივრობას, რაც წარმოუდგენელი იყო.
ჩვენ ვართ მოტივირებულები, რათა მსგავსი ტურნირები ჩავატაროთ და მალე გაჩნდება შესაძლებლობა. ყველას ვაჩვენეთ, რას ნიშნავს საქართველოსთვის ფეხბურთი. უეფა-ში ამას ხედავენ და იციან, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია, მაღალი დონის ტურნირებსა და თამაშებს ვუმასპინძლოთ.
ევრო 2023-ის შემდეგ დაგვრჩება უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა. ჩემმა გერმანელმა ნაცნობებმა თქვეს, რომ საუკეთესო სავარჯიშო და სათამაშო მოედნები, ასევე შესანიშნავი გარემო იყო“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ ლევან კობიაშვილმა.