ტაიმაუტის ექსკლუზივი | გიორგი ნემსაძე - უელსის წინააღმდეგ გვსურდა, გულშემატკივრისთვის ლამაზი თამაში გვეჩვენებინა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო თასზე გამოსვლა უელსის ნაკრებთან მარცხით დაასრულა. ნანტში გამართულ შეხვედრაში „ბორჯღალოსნებმა“ 19:43 წააგეს.
მატჩის შემდეგ პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ვეტერანმა ქართველმა მორაგბემ, გიორგი ნემსაძემ. მისი განცხადებით, საქართველოს ნაკრებს უელსის წინააღმდეგ სურდა, ლამაზად ეთამაშა, ხოლო მეორე ტაიმის გარკვეულ მონაკვეთებში დომინირებაც გამოუვიდა.
„ჩვენი ნაკრების გამოსვლაში უელსთან იყო გარკვეული ჩავარდნები. უელსის გუნდის მწვრთნელის, უორენ გეთლანდის სტილია, მეტოქის ნახევარზე ათამაშოს თავისი გუნდი.
საქართველოს სურდა, ლამაზი თამაში ეჩვენებინა თავისი გულშემატკივრისთვის. პირველ ნახევარში ჩვენს მოედანზე მოგვიწია უფრო მეტი დროის გატარება. ასეთ დროს შეცდომები იმატებს, რაც, სამწუხაროდ, ქულებზე აისახა.
მეორე ტაიმში იყო მომენტები, როდესაც დომინაცია მოვახერხეთ. ასეთი მცირე გამონათებები არის იმის დასტური, რომ საქართველოს ნაკრებს თამაში შეუძლია, მაგრამ გვჭირდება მეტი მატჩი მაღალი დონის გუნდებთან, რაც გუნდს კიდევ უფრო გაზრდის“, – აღნიშნა ნემსაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო თასზე პორტუგალიასთან ფრე ითამაშეს, ხოლო ავსტრალიასთან, ფიჯისთან და უელსთან დამარცხდნენ.