ტაიმაუტის ექსკლუზივი | ბუდუ ზივზივაძე - კარგ ფორმაში ვარ და ველოდები, რომ ამხანაგური მატჩების სიაში ვიქნები #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და „უიპეშტის“ თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, შესანიშნავად გამოიყურება და უნგრეთის ჩემპიონატში 3 თამაშში 4 გოლი აქვს გატანილი. 27 წლის ფორვარდმა საქართველოს პირველი არხის გადაცემასთან „ტაიმაუტი“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ახალ გუნდზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.
ადაპტაცია ახალ გუნდში
„ახალ გუნდში ადაპტაცია გიორგი ბერიძის დახმარებით სწრაფად გავიარე, ასევე ხელი იმან შემიწყო, რომ უკვე სამი წელია უნგრეთში ვთამაშობ და ფეხბურთელები კარგად მიცნობენ. ფეხბურთელებისგან და მთლიანად გუნდისგან დიდ ნდობას ვგრძნობ.“
„უიპეშტი“ – მესამე უნგრული გუნდი
„ჩემი აზრით, წინა გუნდებში კარგი სეზონები ჩავატარე, თუმცა ერთი თვეა, რაც უიპეშტში ვარ და ვფიქრობ, ჩემი უნგრული კარიერისთვის საუკეთესო პერიოდია. ვიმედოვნებ, რომ ასე გავაგრძელებ, რა თქმა უნდა, ეს ჩემზეა დამოკიდებული, ამისთვის ვშრომობ, რომ ტემპი არ დავაგდო და წარმატებული თამაში გავაგრძელო.“
გოლები ყოფილი გუნდების კარში
„რაც შეეხება „ფეჰერვარს“, მინდოდა მათთვის დამემტკიცებინა რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია, თან ძალიან კარგად და ეს უშულოდ მათთან თამაშში ვაჩვენე და არა მარტო, თუმცა ეს ახლა უკვე წარსულია.
როცა მეორე გოლი გავიტანე „მეზოკოვეშდთან“ საკმაოდ ეფექტური გამოვიდა და ამის გამო ვეღარ შევძელი ემოციების კონტროლი, თუმცა მატჩის შემდეგ ინტერვიუში მე გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადე და მომწერა კიდევ რამდენიმემ, რომ ეს ჩემი მხრიდან კარდი ჟესტი იყო.’’
#StandWithUkraine
„უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით მხოლოდ ჩვენ არ ვაქტიურობდით, თუმცა პირველები ვიყავით ვინც ღიად გამოხატა აზრი გუნდიდან და თამაშის დროს უკრაინის დროშის ფერებში ხელსახვევები გვეკეთა. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მათ გვერდით ვარ, ბევრი მეგობარი მყავს, რამდენიმე გუნდში უკრაინელებთან ვთამაშობდი და ყველანაირად გვერდში ვუდგავარ და ვეხმარები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ეს საშინელი პერიოდი უკრაინის სასიკეთოდ დამთავრდება.’’
„უიპეშტის“ მიზნები
„როცა მოვედი, გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა და მთავარი მიზანი იყო უმაღლეს ლიგაში დავრჩენილიყავით. ახლა შედარებით კარგ პოზიციაზე ვართ. არ უნდა გავჩერდეთ, უნდა გავაგრძელოთ სვლა ზევით და ზევით და ვფიქრობ, გვაქვს ამის შესაძლებლობა. დიდი იმედი მაქვს წელსაც ვიასპარეზებ თასის ფინალში და მესამე ჯერზე მაინც მოვიგებ უნგრეთის თასს.“
მარტის სანაკრებო ფანჯარა
„ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის აქვს ფეხბურთელს და მეც მათ შორის ვარ. ყოველთვის მინდა საქართველოს ნაკრების მაისურით ვითამაშო, თუმცა არის მომენტები, როცა არ ხარ ფორმაში და მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ იმ მომენტში არ გამოგიძახოს. რაც შეეხება ახლა, ვფიქრობ ძალიან კარგ ფორმაში ვარ, სამ თამაშში ოთხი გოლი გავიტანე და ველოდები, რომ ამ ამხანაგური მატჩების სიაში ვიქნები, თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მე მის აზრს და გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.“
სეზონის დასრულების შემდეგ
„სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან არ ვიცი რა იქნება ზაფხულში, თან, ჩემ თავზე არ ვარ დამოკიდებული, მაქვს კონტრაქტი „ფეჰერვართან“ და მათი გადასაწყევტია გამყიდიან, თუ გუნდში შემომთავაზებენ კონტრაქტის გაგრძელებას. თუმცა, თუ „უიპეშტი“ გადაწყვეტს ჩემ შეძენას, ძალიან მოხარული ვიქნები, რადგან ამ გუნდში ერთი თვეა ვარ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და სურვილი მექნება ამ გუნდთან გავაგრძელო ურთიერთობა.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს 24 და 29 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან გამართავს.