ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ევრო 2020-ზე საფრანგეთის ნაკრებზე უკეთესი გუნდი არ არის #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, გადაცემის ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა ევრო 2020-ის მსვლელობაზე, საინტერესო და ფავორიტ გუნდებზე ილაპარაკა.
ბელგიაც გამორჩეულია
ევროპის ჩემპიონატზე ბევრი საინტერესო და ფავორიტი გუნდი გამოჩნდა. ყველამ დაინახა, რომ საფრანგეთის ნაკრებზე უკეთესი გუნდი არ არის. რა თქმა უნდა, ბელგიაც გამორჩეულია, რომელიც ფიფა-ს რეიტინგში პირველია თან მეორე ტურში დე ბრუინი დაემატება. გამოჩნდა იტალიის ნაკრები, რომელიც 28 მატჩია არ აგებს და ტაქტიკურ სქემებს ხშირად ცვლის და ჩემი აზრით, ლიდერთა ბრძოლაში ჩაერთვება.
გვარდიოლას ფეხბურთი აღარ ჭრის
იცით, ესპანეთის ნაკრებმა როგორი შთაბეჭდილება დატოვა? ამ ფეხბურთელებს და მწვრთნელს ჰგონიათ, ბურთის ფლობაში ქულები მოდის. 500 გადაცემას თუ გააკეთებენ, 2 ქულა დაეწერება. ასეთი თამაში ვარჯიშის დროს „კვადრატში“ გქვონდა. ეს მაყურებლისთვის მოსაწყენი ფეხბურთია. ეს გვარდიოლამ შემოიტანა, მაგრამ ისეთი ფეხბურთელები ჰყავდა, 3-5 გოლს აგდებდნენ.
სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ „ჩელსის“ სწრაფმა ფეხბურთმა და შეტევებზე გადასვლებმა გვარდიოლასაც აჩვენა, რომ ეს ფეხბურთი აღარ ჭრის. „ბარსაში“ მას ხავი, ინიესტა და ბუსკეტსი ჰყავდა, დაცვაში პუიოლი, შეტევაში კი მესი და ეს ფეხბურთი მაშინ ჭრიდა, მაგრამ არა – ახლა. სხვათა შორის, 2018 წლის მსოფლიოზეც ესპანეთი რუსეთთან ამის გამო დამარცხდა. ვიმეორებ, ვარსკვლავი თუ არ ჰყავს, გუნდი ვერაფერს მიაღწევს.
ინგლისი, კეინი და ლევანდოვსკი
ინგლისის ნაკრებისგან სულ რაღაცას ველით, კვალიფიკაცია მაგრად გაიარეს, მაგრამ დაიწყება ჩემპიონატი და ერთი და იგივე გუნდია. კეინი სუსტ გუნდებთან შესარჩევ ეტაპზე გოლებს იტანს, მაგრამ ძლიერ გუნდებთან, სადაც კარგი მცველებია, უჭირს, რადგან ცენტრფორვარდისთვის საჭირო სისწრაფე არ აქვს, მოტყუება ინდივიდუალურადაც არ შეუძლია.
იმავეს ვიტყვი ლევანდოვსკიზე – ძლიერ გუნდშია, კარგი გუნდელები ჰყავთ და რა თქმა უნდა, შესრულება და საჯარიმოში გატანა იცის, მაგრამ პოლონეთის ნაკრებში „ბაიერნის“ მსგავსი პარტნიორები არ ჰყავს და ისე ვერ გამოჩნდა.
ინგლისელებს კლუბებში ბევრი ლეგიონერები ჰყავთ, მაგრამ ნაკრებში პრიმიტიულ ფეხბურთს აჩვენებენ. შესაძლოა, მერე რამე შეიცვალოს, მაგრამ მისგან ჩემპიონობას არ ველი.
ლიოვის ძალიან მიკვირს
ძალიან მიკვირს გერმანიის ნაკრების – ლიოვი თავის განვითარებაში გაჩერდა. იცის, რომ საფრანგეთს სწრაფი თავდამსხმელი მბაპე ჰყავს, რომელსაც ვერ შეაჩერებ. უყენებს ჰუმელსს, რომელსაც სიჩქარე, ტექნიკა და მოქნილობა არ აქვს. კიმიხი მარჯვენა მცველად დააყენა, რომელიც შუა ხაზშია მაგარი. ნახეცვარდაცვაში კროოსი და გუნდოგანიც დაუყენა კანტეს და პოგბას, რომლებიც ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები არიან. ან გნაბრი ცენტრალურ თავდამსხმელად როგორ უნდა ათამაშო? მიულერი კი ის აღარაა. მწვრთნელს ზოგჯერ დასვენება სჭირდება, საკუთარ კარიერას და საქმიანობას თვალი რომ გადაავლოს.
ვერ ვიტყვი, რომ ნიდერლანდებმა უკრაინა დაჩაგრა. ალბათ, ყველასთვის კარგი იქნებოდა, მატჩი ფრედ დასრულებულიყო. უკრაინელებმა თამაში მოატრიალეს, მაგრამ ბოლოს ნიდერლანდებს ბედმა გაუღიმა. მგონია, რომ უკრაინა კიდევ იბრძოლებს. მალინოვსკი ძალიან მომეწონა, მაგრამ მეტი შეუძლია. იარმოლენკომ რა გოლი გაიტანა? შეუძლია თამაშის ბედი გადაწყვიტოს. რუსებს ასეთი დონის მოთამაშეები არ ჰყავს.
ზღაპრული გოლი
საუკეთესო გოლი? ჩეხების თამაში დიდი ხანია არ მენახა და არ მეგონა, ასეთი თავდამსხმელი თუ ჰყავდათ – ბიჭი, რომელსაც მოტყუებაც შეუძლია, სწრაფიცაა, ჭკვიანიცაა, გამტანია და თამაშსაც ამწვავებს. „ლევერკუზენში“ თამაშობს, მაგრამ მგონია, რომ ამ ევროპის შემდეგ მას ბევრად უკეთეს გუნდში გადაიყვანენ. ბევრ კარგი გოლი გავიდა, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი გოლები. შიკის გატანილი კი იყო ზღაპარი! ჯერ სად დაინახა კარიდან გამოსული მეკარე, მერე 50 მეტრიდან შესრულება არ გინდა? ამიტომ, რა თქმა უნდა, საუკეთესოდ შიკის გოლი მიმაჩნია“.