ტაიმაუტი | ვასილ მაღლაფერიძე - ჩვენ უკვე ფსიქოლოგიურად მზად ვართ, რომ საქართველოს ნაკრები დიდ ტურნირზე შემდეგშიც გავიდეს #1TVSPORT
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა, რომელმაც საბერძნეთთან პლეი ოფის ფინალის მოგებით ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
„ადამიანებს გულშემატკივრობის მაგნიტი გვიდევს, გულგრილი ვერ იქნები. 4-5 წლის წინ თითქოს შეგუებული ვიყავით იმ აზრს, რომ ჩვენი გუნდი ასეთ ტურნირზე ვერ ითამაშებდა. სიმართლე ვთქვათ – ამას არ მოველოდით, სპეციალისტების მაშინდელი შეფასებებიც მახსოვს. ახლა კი რეალობა შეიცვალა.
როდესაც ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა, მაშინ დიდი კამათი იყო, ეს ქართული ფეხბურთის განვითარებაზე რა გავლენას მოახდენდა. წლების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს სრულიად გამართლებული ნაბიჯი იყო.
მერე კარგად ვიცით, რა წლები და პრობლემები იყო და ქართული ფეხბურთის დონე დაეცა, მაგრამ ახლა აშკარად ჩანს, ხეს რომ გადასხლავ და გააძლიერებ, ასე გაძლიერდა ჩვენი ფეხბურთიც და ფეხზე მყარად დადგა, ეს მემკვიდრეობაც არის და სიახლეც.
მთავარია, რომ ჩვენ უკვე ფსიქოლოგიურად მზად ვართ, დიდ ტურნირზე შემდეგშიც გავიდეთ. ყველაფერს დრო უნდა, საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლია.
საქართველოს ბევრი მსოფლიო დონის ტალანტი გაუზრდია და რომ არა ხელოვნური ჩარჩოები, კიდევ უფრო წინ ვიქნებოდით. ქართული ფეხბურთი თავის ფესვებს უბრუნდება, რომელიც სანახაობრივია და ჩავდგებით იმ კალატოპში, რომელსაც ეს ფეხბურთი იმსახურებს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.