ტაიმაუტი | თორნიკე შენგელია - ზოგ გუნდს დაცვა გამოარჩევს, ზოგს სამქულიანები, საქართველოს ნაკრებს აქვს ერთობა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ეროვნულ გუნდსა და მოახლოებულ ევრობასკეტზე ისაუბრა.
„როდესაც სპორტის სასახლეში პირველად გამოაცხადეს ჩემი გვარი, ასეთ აჟიოტაჟს არ ველოდი და მაშინ ვთქვი: კარგი, რადგან ხალხს ამხელა იმედი და სიყვარული აქვს, მე ეს ყველაფერი უნდა დავუბრუნო ჩემი თამაშით. საქართველოს ნაკრები განსაკუთრებულია. ზოგ გუნდს დაცვა გამოარჩევს, ზოგს სამქულიანები, ჩვენ გვაქვს ერთობა. როდესაც გუნდში ოჯახური გარემოა, ეს მოედანზეც ჩანს და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია“.
კონტრაქტი ახალ კლუბთან
„არ ვიცი, რამდენად იქნება მისაღები ჩემი მომავალი გუნდისთვის, ალბათ, რაღაცების დათმობა მეც მომიწევს, მაგრამ მაქვს პირობა, რომ კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც შევძლებ ევროლიგის მსვლელობისას, თუ უშუალოდ სანაკრებო მატჩის დღეს არ დაემთხვევა, ეროვნულ გუნდში ჩამოვიდე. რომელ კლუბშიც უნდა განვაგრძო თამაში, ამ პირობას კატეგორიულად წამოვაყენებ. ახალი გუნდის ვინაობა ევრობასკეტამდე გაირკვევა“.
მწვრთნელი, ილიას ზუროსი
„ილიას ზუროსი ძლიერი ფსიქოლოგია. კარგად იცის ვის როგორ მიუდგეს, ვის რა სჭირდება. მაღალი დონის საკალათბურთო ცოდნა აქვს და ვფიქრობ, საკლუბო დონეზე არ არის დაფასებული ისე, როგორც უნდა იყოს. ამაში ჩვენ, საქართველოს ნაკრების მოთამაშეები ჩვენი გამოსვლით აუცილებლად დავეხმარებით.“
მსოფლიო ჩემპიონატი
„ჩემი აზრით, გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი და ის უნდა გამოვიყენოთ. ჩემი ოცნებაა, რომ გავიდეთ მსოფლიო პირველობაზე. 1 სექტემბერს ევრობასკეტი იწყება, 27 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გვაქვს იტალიაში. ვფიქრობ უკვე 27-სთვის ოპტიმალურ ფორმაში უნდა ვიყოთ“.
ახალი დარბაზი
„მოთამაშეებს ძალიან მოგვეწონა ახალი დარბაზი. პარკეტი, ფარები, ატმოსფერო, ყველაფერი კარგია. მაყურებელთანაც ახლოს ხარ და აკუსტიკაც მშვენიერი უნდა იყოს“.
ევრობასკეტი
„ევრობასკეტის თბილისში გამართვა დიდი სიხარულია, მაგრამ ამავე დროს არის დიდი წნეხი და პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, გვაქვს საკმარისი დრო რომ ეს წნეხი პოზიტიურ ენერგიად გადავაქციოთ. პირველი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, მეორე მიზანი ნავსის გატეხვა და 1/8-ფინალური ბარიერის დაძლევა“.