ტაიმაუტი | პაატა გურასპაული - თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებში მოსკოვიდან ჩარტერული რეისით ჩამოვა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ნაკრების მომავალი მატჩების შესახებ ილაპარაკა. მან საუბარი დანაკლისით დაიწყო:
„სამწუხაროდ, გამოცდილმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ ტრავმა მიიღო და ნოემბრის მატჩებში ვერ დაგვეხმარება. თუმცა რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე ნაკლებ დროს გაგრძელდება და იმედი გვაქვს, რომ გიორგი ევრობასკეტისთვის გვეყოლება.
დუდა სანაძემ კოვიდი გადაიტანა. პოსტკოვიდური გამოკვლევებისას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები წარმოიშვა და ექიმებმა ურჩიეს ამ ეტაპზე დატვირთვისგან თავი შეიკავოს. იმედი გვაქვს, იგი მალე დაუბრუნდება მოედანსა და ნაკრებს“.
პაატა გურასპაულმა შეგვახსენა, რომ ამერიკიდან გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი ნოემბერსა და თებერვალში საქართველოში ვერ ჩამოვლენ. მათ მესამე ფანჯარაში, ივნისში ველით.
„თორნიკე შენგელია 26 ნოემბერს უკრაინასთან მატჩში გვეყოლება, თუმცა მოსკოვიდან თბილისამდე რთული გზა ექნება გასავლელი. მისი ცსკა 25 ნოემბერს „ბაიერნთან“ ევროლიგის მატჩს მართავს. თორნიკემ კლუბში სიტუაცია საჩვენოდ მოაგვარა და ჩარტერული რეისით ჩამოვა თბილისში. ვიმედოვნებ, იგი დასვენებასაც მოასწრებს და უკრაინასთან და ესპანეთთან (29 ნოემბერს) მოსაგებად გავალთ.
კონერ ფრენკამპი ევროლიგის გუნდშია, მას ამ ეტაპზე ნაკრებში ვერ ვეძახით. სამაგიეროდ ესპანეთიდან ჩამოვლენ თად მაკფადენი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი“.
საქართველოს ნაკრები მზადებას 20 ნოემბერს დაიწყებს, 22-ში მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ჩამოვა. ამ ფანჯარაში ვერ ახერხებს ჩამოფრენას ზუროსის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც ევროლიგურ „მონაკოში“ მუშაობს.
პაატა გურასპაულმა 26 ნოემბრის მატჩზე გულშემატკივრების დაშვების საკითხზეც ილაპარაკა:
„ამ მომენტისთვის გვაქვს მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვით ძველი სპორტის სასახლე საერთო ტევადობის მესამედით შეივსება. ეს დაახლოებით 2000-2500 მაყურებელია. ცხადია, გულშემატკივარი ყოველგვარი კოვიდრეგულაციის დაცვით შევა და განთავსდება“.