ტაიმაუტი | ნუკრი რევიშვილი - მამარდაშვილს მყარი ფსიქოლოგია აქვს და შეძლებს, რომ უკეთესი თამაშები ჩაატაროს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტაიმაუტი“ საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილი ჩაერთო, რომელიც ამჯამად სამენეჯერო საქმიანობას ეწევა.
„ჯვაროსნების“ ყოფილმა კიპერმა მადრიდის „რეალთან“ საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაში შეაფასა.
„გიორგის თამაში მხოლოდ ამ ერთი თამაშით არ მინდა შევაფასო და წარმატებებს ვუსურვებ. მან კარიერაში რაღაც დონეს უკვე მიაღწია, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას „რეალთან“, საკმაოდ კარგად ითამაშა, ბოლო გაშვებულ გოლს თუ არ ავიღებთ.
ძალიან რთულია, საქართველოს ჩემპიონატიდან ასეთ დონეზე რომ გადადიხარ – სულ სხვა სისწრაფეები და თამაშებია. ამიტომ ყველაფერი ხდება ხოლმე, მით უფრო, რომ გიორგი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. შეცდომებს ყველა უშვებს. მესმის, ახლა ესპანური პრესის მხრიდან რამხელა წნეხის ქვეშაა. კონკურენტი ნიდერლანდელი მეკარე ჰყავს. გიორგის ბევრი აქებს, თუმცა ბევრიც ყველა შეცდომაზე უმახვილებს ყურადღებას.
მჯერა, რომ გიორგი მყარი ფსიქოლოგიის მქონე ბიჭია და შეძლებს, რომ მომავალში ყველაფერი გამოასწოროს და უკეთესი თამაშები ჩაატაროს. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ ეს შეუძლია და მაღალი დონის მეკარეა.
გრანდის წინააღმდეგ თამაში რთულია. მეკარეს რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს და მასზე არაფერმა არ უნდა იმოქმედოს. სხვაგვარად ყველა მეკარეს გაუჭირდება. ამიტომ, უპირველესად რკინის ნერვები უნდა ჰქონდეს – ესაა აუცილებელი.
აპატიებს თუ არა მწვრთნელი ამ შეცდომას და შეცვლის თუ არა შემდეგ შეხვედრაში, ეს არ ვიცი. მაგრამ მჯერა, რომ ევროპაში არაფერს ეტყოდნენ, რადგან შეცდომებს ყველა უშვებს. გუშინ რუსეთის ჩემპიონატის შეხვედრებს ვუყურე და მეკარეებმა ისეთები გააკეთეს… მით უფრო, გიორგი ისეთ ასაკშია, მწვრთნელმა საყვედური არ უნდა უთხრას და ყურადღება არ უნდა გაამახვილოს. ხდება ხოლმე. ახლა მწვრთნელის გადასაწყვეტია, შემდეგ თამაშზე ვის დააყენებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ დააყენებს და გიორგი თამაშს გააგრძელებს.“