ტაიმაუტი | ნინო სალუქვაძე - სპორტის ყველა სახეობისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება #1TVSPORT
გადაცემა ტაიმაუტს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ოლიმპიური თამაშების ცხრაგზის მონაწილე და რეკორდსმენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე სტუმრობდა.
მან ქართულ სპორტში ქალების ჩართულობასა და მომავალი თაობებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა :
„მთელი მსოფლიო მიდის იმ მიმართულებით, რომ გაათანაბრონ მონაწილეთა რაოდენობა. პარიზის ოლიმპიური თამაშები გახდება მაგალითი, როდესაც მართლა 50/50 იქნება ქალი და მამაკაცი სპოსრტსმენების რაოდენობა.
ჩვენს მოსახლეობაში აღარ აქვთ ოჯახებს იმის საშუალება, რომ სპორტის რამდენიმე სახეობაზე ატარონ ბავშვები და მიხვდნენ რისკენ აქვთ მიდრეკილება. მშობელი უნდა ეცადოს, რომ რამდენიმე სახეობაში მოსინჯოს და ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე ბავშვი თვითონ გამოავლენს რისკენ აქვს მიდრეკილება. სპორტით რომ უნდა დაკავდეს ადამიანი და ცხოვრების ჯანსაღი წესით, რა თქმა უნდა, ეს აქსიომაა. პირველ რიგში ეს არის ყველა ოჯახისთვის მთავარი და სპორტის განვითარება ყველა მთავრობისთვის უნდა იყოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. სპორტის ყველა სახეობა არის მიმზიდველი და პირველ რიგში ეს არის ჯანმრთელი ორგანიზმი, ცხოვრების ჯანსაღი წესი და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიამოვნება და ადრენალინი, როდესაც მოიგებ პატარა თუ დიდ შეჯიბრს“.
ნინო სალუქავაძემ აღნიშნა, რომ ადრეული ასაკიდან ყველაზე სასურველია ბავშვების ცურვასა და ტანვარჯიშზე მიყვანა, რაც შემდგომ სპორტის ხვა სახეობებშიც წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი ბაზა იქნება. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა იმ მნიშვნელოვან ფაქტორს გაუსვა ხაზი, რომელმაც გოგონებისა და ვაჟების სპორტში უფრო აქტიურ ჩართულობას უნდა შეუწყოს ხელი:
„სპორტის ყველა სახეობისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, შესაბამისი ბაზების მოწყობა. პირადად მე რაღა უნდა ვთქვა? ცხრა ოლიმპიადის მონაწილე ვარ და ბაზა დღემდე არ მაქვს“.
ნინო სალუქვაძემ სპორტში თავისი პირველი ნაბიჯები გაიხსენა:
„ ტყვიის სროლის შესახებ საერთოდ არაფერი მეცოდინებოდა, მამაჩემი გარეშე, რომელმაც სპორტის ამ სახეობაზე მიმიყვანა. საბჭოთა პერიოდში სპორტსმენებს არაერთი მიმართულებით ჰქონდათ ხელშეწყობა და დიდწილად ამიტომ მიმიყვანეს. ერთი წელი შეიძლება ითქვას, რომ ძალით დავდიოდი, მაგრამ პირველი გამარჯვების გემო რომ ვიგრძენი, ბოლომდე ჩვერთე. ალბათ ხასიათშიც მქონდა შრომისმოყვარეობა და ბოლომდე ბრძოლის სურვილი“.