#ტაიმაუტი | ნინო სალუქვაძე - სამწუხაროა, რომ ტოკიოში სატესტო ტურნირები არ ჩატარდება, სპორტსმენები ოლიმპიურ ბაზებს ვერ გამოცდიან
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი იყო ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიანტი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, რომელმაც ისაუბრა პრობლემებზე, რომლის წინაშე შეიძლება სპორტსმენები ოლიმპიადის წინ აღმოჩნდნენ.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები იძლევიან იმის შესაძლებლობას, რომ თუკი სპორტის რომელიმე სახეობაში სალიცენზიო ტურნირები სრულფასოვნად ვერ ჩატარდება, მაშინ სპორტსმენი ოლიმპიადაზე საკუთარი რეიტინგის მიხედვით წავიდეს“, – ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და სამწუხარო ფაქტად ასახელებს იმას, რომ ტოკიოში სატესტო ტურნირები არ ჩატარდება. სპორტსმენები ოლიმპიურ ბაზებს ვერ გამოცდიან და ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა მონაწილესთვის ურთულესი პრობლემა იქნება.
დღეს ოფიციალურად საქართველოს რვა ლიცენზია აქვს, მაგრამ უკვე 20-მდე ქართველი სპორტსმენია ვის სალიცენზიო ქულებს მხოლოდ ოფიციალური დასტური სჭირდება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი იმედოვნებს, რომ საქართველო ტოკიოში 30-35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.