ტაიმაუტი | ნიკა ამაშუკელი - ვცდილობ, დავანახო მსოფლო რაგბის ხელმძღვანელობას, რომ ქართველებს, თამაშის გარდა, მსაჯობაც მაღალ დონეზე შევიძლია #1TVSPORT
პირველი არხის გაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას რაგბის საერთაშორისო კატეგორის არბიტრმა, ნიკა ამაშუკელმა ახალი ზელანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების ტესტმატჩზე ისაუბრა, რომელიც მან განსაჯა და ასევე საქართველოს ნაკრების იტალიასთან მატჩზეც გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
„იტალიასთან საინტერესო და პრინციპული თამაში იყო. შედეგმა, რა თქმა უნდა, ყველას გული დაგვწყვიტა, შეიძლებოდა მოგება. ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. საქართველოს ნაკრები, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, უფრო დაცვითი სტილის გუნდია, მაგრამ ამ მატჩმა დაგვანახა, რომ თუ ჩვენს გეგმას მივყვებით, შეტევაშიც შეგვიძლია საინტერესოდ თამაში და მეტოქეებისთვის სიურპრიზის შეთავაზება. პირველ ტაიმში მეტოქე ცდილობდა დავით ნინიაშვილის თამაშიდან გამოთიშვას, მაგრამ ის მსოფლიო დონის მოთამაშეა და ამის დემონსტრირებას ყოველთვის ახდენს.
როდესაც გუნდი უფრო მეტად დაცვაში თამაშობს, მეტ ენერგიას ხარჯავს, მეტჯერ ჯარიმდები და, სამწუხაროდ, ამან იმოქმედა, ბურთის დაჭერა არ გამოგვივიდა. მეტოქის წნეხს ვეღარ გავუძელით და იტალია არ არის ის გუნდი, რომ ეს ვერ გამოიყენოს.
რაც შეეხება საჯარიმო ლელოს ეპიზოდს. რაგბის წესების მიხედვით, საჯარიმო ლელოს განმარტება ასეთია: თუ მეტოქის შეტევას, რომელსაც შეიძლება ლელო მოჰყვეს, მოთამაშე განზრახ ჩაშლის, უნდა დაისაჯის ყვითელი ბარათით, ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც ყვითელი ბარათს არ ვიყენებთ, არის შერკინების დროს წესების დარღევა. იტალიელების საჯარიმო ლელოს დროს ჩვენს მორაგბეს ხელი გაწეული ჰქონდა, ამას ვეძახით არაბუნებრივი ბოჭვის ტექნიკას, შესაბამისად, არბიტრის გადაწყვეტილება სწორი იყო.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, შეცვლაზე შესულ მოთამაშეებს რისი შეცვლა შეუძლიათ. ჩვენმა მორაგბეებმა იმხელა ენერგია დახარჯეს დაცვაში თამაშის დროს, რომ უკვე გაგვიჭირდა წინააღმდეგობის გაწევა, ამას დამატა ისიც, რომ ფეხით ვერ ვითამაშეთ ოპტიმალურად, სათამაშო დისციპლინაც არ იყო სათანადოდ, ბევრჯერ დავჯარიმდით.
…ახალი ზელანდიისა და საფრანგეთის მატჩი ნოემბრის ტესტების უდიდესი თამაში იყო. ზოგადად, ეს არის ორი უდიდესი კულტურის შეჯახება რაგბის მოედანზე. ამ მატჩისთვს მსაჯებიც დიდი ხანი ვემზადებოდით, იმიტომ, რომ ასეთ თამაშს თან ახლავს უდიდესი წნეხი, ერთ შეცდომას არ გაპატიებენ.
სასიამოვნოა ასეთი მატჩების ეპიცენტრში ყოფნა, შეხვედრას 83 ათასი მაყურებელი დაესწრო. ფრანგებმა ძალიან მაგარი შოუ დადგეს, უდიდესი პატიცი სცეს ჰაკას. ურთულესი და დინამიკური თამაში იყო, რაც ჩვენმა სწორად მუშაობამაც განაპირობა, თავიდანვე სწორი დირექტივები გავეცით. ბურთი თამაშში 40 წუთი იყო, რაც სერიოზული ნიშნულია.
ასეთ თამაშში მსაჯს უნდა, რომ არ იყოს შესამჩნევი ფიგურა და არ მიიღოს ისეთ გადაწყვეტილება, რომლის გამოც მედია გაგაკრიტიკებს. გასაგებია, რომ ახალზელანდიური მედია ვერ იქნებოდა კმაყოფილი, რადგან ერთი ქულით წააგეს, მათ არგენტიასთან ჩემი მსაჯობაც ახსოვთ, ის მატჩიც წააგეს და იქაურ ჟურნალისტებს დიდად არ ვუყვარავარ, მაგრამ მთავარია, რომ თამაში და მთლიანად ღონისძიება შედგა.
ეს არის ძალიან დიდი შრომის შედეგი, ამაზე დიდ მომენტებზე ჩემს ცხოვრებაში ვერც ვოცნებებდი. ასეთ თამაშზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია დიდ ნდობას მიცხადებს, მოწინავე მსაჯებს შორის ვარ და ვცდილობ, დავანახო ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, რომ ქართველებს, თამაშის გარდა, მსაჯობაც მაღალ დონეზე შევიძლია“.