ტაიმაუტი | მამარდაშვილი თავს ევროპულ გრანდში ხედავს - ამისთვის ვწვალობ და რატომ არ უნდა მჯეროდეს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოძახებულმა თბილისის „ლოკომოტივის“ 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა საკუთარ კარიერაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ რუბრიკაში „დაიმახსოვრეთ“ ისაუბრა.
„მეკარეობა იმიტომ ავირჩიე, რომ თავიდანვე მომწონდა. სხვა პოზიციაზე არც მითამაშია – 8 წლიდან კარში ვდგავარ. ვარჯიში „გაგრაში“ დავიწყე. ჩემი პირველი მწვრთნელი თემურ ჩხაიძე იყო. მერე დაახლოებით, 5-6 წელი „დინამოს“ აკადემიაში ვვარჯიშობდი. ბევრი მწვრთნელი მყავდა – ზურაბ ქვაჩახია, რეზი ნაჭყეპია, ლევან აბაშიძე, გიორგი მაკასარაშვილი, ბოლოს დიდ გუნდში გელა ჭანტურია. „ლოკომოტივშიც“ ძალიან კარგი მწვრთნელი მყავს, მამუკა აბუსერიძე. ჩემი სუსტი მხარე ფეხით თამაშია. ძლიერი მხარე? რა ვიცი, ეს თქვენ თქვით. ალბათ, გამოსვლები და რეაქციაა“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
მან ამჟამინდელ კლუბზე ილაპარაკა.
„ბედნიერი ვარ, რომ „ლოკომოტივში“ ვარ და წინა წელს ბევრი რამის გადატანა მომიხდა. ეს არის სტაბილური, გამართული და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი. ჩემთვის გამორჩეული მოსკოვის „დინამოსთან“ ევროპის ლიგის გასული სეზონის მატჩი იყო – დიდი წნეხი, დიდი დაძაბულობა და დიდი ბედნიერება. გამორჩეული სეივიც ამ მატჩში ორდეცის დარტყმის მოგერიებისას შევასრულე“.
გიორგიმ საკუთარი კუმირები, ასევე გამორჩეული გუნდი და ნაკრები დაასახელა.
„თავიდან კასილასი მომწონდა, ნოიერი დღემდე მომწონს. ყველა დროის საყვარელი ფეხბურთელი ლეო მესია. ყველაზე მეტად ინგლისის პრემიერლიგა მიყვარს. ბევრი კარგი და თანაბარი დონის გუნდია და საინტერესო ჩემპიონატია. ჩემი საყვარელი გუნდი „ბარსელონაა“, ხოლო ნაკრები, საქართველოს გარდა – ესპანეთია“.
მამარდაშვილმა საკუთარ მიზანზეც ილაპარაკა.
„ჩემს თავს ხუთი წლის შემდეგ ევროპულ გრანდში ვხედავ. ამისთვის ვწვალობ და რატომ არ უნდა მჯეროდეს“.