ტაიმაუტი | ლუკა ლოჩოშვილი - იმედია, ფორმაში მალე შევალ და თავს ისე წარმოვაჩენ, რომ შემადგენლობაში დავბრუნდე #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლუკა ლოჩოშვილმა 28 თებერვალს პარიზში გამართული FIFA Football Awards-ი გაიხსენა, სადაც სამართლიანი თამაშის ჯილდო (FIFA Fair Play) მიიღო – საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიის სერია „ა“-ს „კრემონეზეს“ მცველმა თავის საკლუბო მომავალსა და მოახლოებულ სანაკრებო თამაშებზეც ისაუბრა.
„ძალიან სასიხარულო იყო, ფიფა-ს ნომინაციის გამარჯვებული რომ გავხდი. ეს ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო ამბავია, როდესაც ასეთ ფართო ასპარეზზე გაღიარებენ. ეს ფაქტი გუნდშიც კარგად მიიღეს, მომილოცეს და ძალიან გაუხარდათ.
დავიდე ბალარდინის დანიშვნის შემდეგ პირველივე ვარჯიშზე დავშავდი და ახლიდან მაქვს ყველაფერი დასამტკიცებელი, რადგან ახალი მწვრთნელია, მე კი დრო გამიცდა და, ფაქტობრივად, ნულიდან ვიწყებ. იმედია, ფორმაში მალე შევალ და თავს ისე წარმოვაჩენ, რომ შემადგენლობაში დავბრუნდე.
ჩვენი მიზანი ლიგაში დარჩენასთან ერთად იტალიის თასის მოგებაა. „კრემონეზესთან“ კონტრაქტი მაკავშირებს. ამიტომ სამწუხარო იქნება, სერია „ა“-დან თუ გავვარდებით. შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, სხვა გუნდებისგან როგორი შემოთავაზებები მექნება. ახლა ამაზე საუბარი ძნელია.
საქართველოს ნაკრებს ნორვეგიასთან მნიშვნელოვანი მატჩი ელის. შესარჩევი ციკლის საშინაო მატჩით დაწყება გარკვეულ უპირატესობას გვაძლევს. მოლოდინი ძალიან დიდია. ბოლო დროს კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ და ყველა ნაკრებთან თავის წარმოჩენა და შედეგის მიღწევა შეგვიძლია“, – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.