ტაიმაუტი | ლევან მაისაშვილი - გერმანიასთან შეხვედრას, როგორც გეგმის ნაწილს, ისე ვუყურებთ #1TVSPORT
ტაიმაუტი | ლევან მაისაშვილი - გერმანიასთან შეხვედრას, როგორც გეგმის ნაწილს, ისე ვუყურებთ #1TVSPORT

4 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, 5 თებერვალს კი საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 13:00-ზე, „ავჭალის“ სტადიონზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და ახალგაზრდა „ბორჯღალოსანი“ ბექა საღინაძე იყვნენ მიწვეულები, რომლებმაც მომავალ ტურნირსა და მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალ ფორმატზე

ლევან მაისაშვილი: „ამაში ჩვენთვის საინტერესო არაფერია, არავისთვის არის უცხო, რომ ჩვენ გვჭირდება უკეთესი თამაშები. ამ ფორმატის შემთხვევაში, ერთადერთი იმის მოლოდინში ვიქნებით, რომ განვითარდნენ ის გუნდები, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ თამაშობენ. გარკვეული თვალსაზრისით, პორტუგალიამ პროგრესი განიცადა, რუმინეთი ცდილობს, კარგ გზას დაადგეს, ესპანელები კი, რომ არა ის შეცდომა, მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ყოფილიყვნენ. რაც შეეხება დანარჩენი გუნდების შემოდინებას, არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, მაგრამ დონით ეს გუნდები გაცილებით დაბლა დგანან და ფორმატიც განსხვავებულია – ჩვენ თუ ადრე ყველასთან ვთამაშობდით, ახლა ისე გამოდის, რომ პორტუგალიას, რუმინეთს ან ესპანეთს, შესაძლოა, ვერც ვეთამაშოთ. შესაბამისად, ვიტყვი, რომ ჩვენთვის პროცესი უარესობისკენ შეიცვალა. ეს არ არის ჩვენთვის მხოლოდ რაგბი ევროპის ტურნირი, ეს არის ჩვენთვის მოსამზადებელი ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატისათვის.“

პირველი თამაში

ბექა საღინაძე: „ბიჭები დიდი ხანია, ველოდებით თამაშს, ძალიან ხარისხიანი ვარჯიშები ჩავატარეთ და გამომდინარე იქიდან, რომ გასული წელი მაღალ ნოტზე დავასრულეთ, გვინდა, რომ ეს წელიც იმავენაირად გავხსნათ.“

ლევან მაისაშვილი: „ჩვენ გააზრებული გვაქვს, ვის ვეთამაშებით. რა თქმა უნდა, რისკები, რაც იყო უელსთან, ურუგვაისთან და სამოასთან, აქ ნაკლებია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გეგმას მივყვეთ. ჩვენ როგორ ვითამაშებთ და რას გავაკეთებთ, ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ შეხვედრას, როგორც გეგმის ნაწილს, ისე ვუყურებთ. რა თქმა უნდა, ცოტა თამამი გადაწყვეტილებებიც იქნება და იქნებიან დებიუტანტებიც.“

მეტოქეები

ბექა საღინაძე: „მეტოქეებიდან გამოვარჩევდი 3 გუნდს. პირველი ეს არის რუმინეთი, მეორე – პორტუგალია და შემდეგ – ესპანეთი. რუმინეთთან შეგიძლია გამოცდილება მიიღო უფრო ძალისმიერ თამაშში. რაც შეეხება პორტუგალიას და ესპანეთს, იქ უფრო გაშლილი თამაში მიდის.“

ლაშა მალაღურაძე

ლევან მაისაშვილი: „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მალაღურაძის მე-100 მატჩს უნდა ველოდოთ. დიდი გამოცდა გაიარა ამ სურვილმა – 2020 წელს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ლაშა განაცხადში იყო და მე-100 მატჩს უმიზნებდა, მაგრამ კორონავირუსის გამო ეს მატჩი გადაიდო. ვეცდებით, რომ ეს საერთო სურვილი ავიხდინოთ.“

სამი ტესტმატჩი და შოტლანდიის ნაკრები

ლევან მაისაშვილი: „ჩვენთვის კარგია, რომ ბოლო თამაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შოტლანდიასთან გვაქვს. ამის გარდა, დაგეგმილი გვაქვს თამაშამდე 1 კვირით ადრე ერთობლივი წვრთნები „ლა როშელთან“. მანამდე, 12 და 19 აგვისტოს გვექნება მატჩები და გვაქვს მოლაპარაკებები, საბოლოო პასუხს მალე გავიგებთ. 3 ტესტმატჩი აუცილებლად გვექნება.“

განსხვავება პირველი და მეორე რანგის გუნდებს შორის

ბექა საღინაძე: გარდა იმისა, რომ ტემპი განსხვავდება, უფრო მეტი ბურთით თამაში მიდის და სისწრაფეები უფრო მეტია, ტიერ 1-ის გუნდები პატარა შეცდომებს არ გპატიობენ, რასაც ტიერ 2-ის წარმომადგენლები. პირველი დონის გუნდებთან ქულების მოპოვების ძალიან ცოტა შანსი გაქვს და ჩვენთან შეკრებაზე ხშირად ისმის ფრაზა, რომ მაგ დროს მომენტის გამოყენება ძალიან რთულია. მეორე დონის გუნდებთან კი შეგიძლია შეცდომა დაუშვა და გაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს შეცდომა გამოასწორო.