ტაიმაუტი | ლევან კობიაშვილი - ჩემი სურვილია, რომ ევრო 2023-ზე ეროვნული ნაკრების ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშოს #1TVSPORT
ტაიმაუტი | ლევან კობიაშვილი - ჩემი სურვილია, რომ ევრო 2023-ზე ეროვნული ნაკრების ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშოს #1TVSPORT

როგორ ემზადება საქართველო ევრო 2023-ისთვის და დავხვდებით თუ არა მას ღირსეულად? ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ისაუბრა.

„ევრო 2023-ს ნამდვილად ღირსეულად ვუმასპინძლებთ – ამის პირობას გაძლევთ. ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება და ბოლო ეტაპია დარჩენილი, რომელიც, სავარაუდოდ, მაისში დასრულდება.

თამამად ვიტყვი, რომ ძალიან დიდი საქმე კეთდება. პირველ რიგში, დიდი პატივია, რომ საქართველოში ევროპის ჩემპიონატი ტარდება და მეორე ის, რომ ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში დარჩება და ეროვნული ჩემპიონატის განვითარებას შეუწყობს ხელს.

სამუშაოები, მათ შორის, საორგანიზაციო, დასასრულს უახლოვდება. უეფა-ს შესაბამისი ჯგუფები ორ კვირაში ერთხელ ჩამოდიან და დეტალებს ვამუშავებთ, მათ შორის სტადიონების, სავარჯიშო ცენტრების, სასტუმროების საკითხსა და გადაადგილების მარშრუტებს.

იქნებიან თუ არა ეროვნული ნაკრების წევრები ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე? მათი გამოყენების შანსი არის, ამისთვის მწვრთნელები უნდა შეთანხმდნენ. ჩემი, როგორც სფფ-ის პრეზიდენტის სურვილია, რომ ეროვნული ნაკრების წევრებმა ევრო 2023-ზე ითამაშონ.

…ნორვეგიასთან მატჩში რაც მომეწონა, შედეგია. გულახდილად ვიტყვი, რომ მოწინააღმდეგე უკეთ გამოიყურებოდა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ამ პერიოდში ჩვენზე უკეთესები იყვნენ და გვაჯობეს. თუმცა, მეორე ნახევარში, როცა მწვრთნელმა ტაქტიკა და მოთამაშეები შეცვალა, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით.

არ ვიცი, დამსახურებული იყო თუ არა ეს ქულა, მაგრამ საჭირო რომ გახლდათ, ეს ნამდვილად ვიცი. სამწუხაროდ, გვახსოვს დრო, როდესაც ასეთ თამაშებს ვაგებდით. მიხარია, რომ ახლა გუნდი ნამდვილად ერთიანი და შეკრულია, ბიჭები ერთი ქულისთვისაც მაქსიმალურად იბრძვიან. იმედია, საბოლოოდ ეს ქულა ჩვენთვის ღირებული იქნება. ივნისში კი, მწამს, უკეთ ვითამაშებთ“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.