2021 წლის 25 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით სერბეთის დედაქალაქმა კრივში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ბელგრადის „სტარკ არენაში“ კვარცხლბეკზე ასვლა ორმა ქართველმა მოახერხა. სახილ ალახვერდოვმა (-48 კგ.) და ლაშა გურულმა (-67 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამათგან ნაკრების კაპიტანმა ლაშა გურულმა მესამე ადგილი ისე აიღო, რომ არცერთი ორთაბრძოლა არ წაუგია, 1/4 ფინალში კი წონის მთავარი ფავორიტი კუბელი მოკრივე დაამარცხა. სწორედ ამ შეხვედრაში მიღებული თავის ტრავმის გამო კი ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თუმცა ნახევარფინალში გასვლით, 25 წლის ქართველმა მოკრივემ, კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მოიპოვა. გადაცემა „ტაიმაუტში“ გურულმა სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის პერიპეტიებზე და თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
– 2018 წლის შემდეგ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე შედეგი არ მქონია, მსოფლიოზე შედეგი საერთოდ არ მქონია. ბოლო დიდი შედეგი 2018 წელს, ევროპის ჩემპიონატზე იყო. 2018 წლის შემდეგ ბევრი იმედგაცრუება მქონდა, ევროპის თამაშებზე შედეგი ვერ გავაკეთე, ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვხვდი და ამდენი იმედგაცრუების შემდეგ ეს შედეგი ჩემთვის სასიამოვნო იყო.
მსოფლიო ჩემპიონატი
– სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდოდი ჩემი ოცნება იყო, რომ მედალი გამენაღდებინა. შემდეგ ვიცოდი, რომ ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო მეტად მოვინდომებდი და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ფინალში გადავსულიყავი და ჩემპიონი გავმხდარიყავი. კუბელი, რომელიც 1/4 ფინალში შემხვდა, ჩემი მთავარი კონკურენტი იყო და დავამარცხე.
ტრავმა
– ნახევარფინალში რომ გადავედი და მედალი გავინაღდე, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო, მაგრამ ფაქტის წინაშე როცა დავდექი გული დამწყდა. რეალურად ძალიან ახლოს დავინახე ეს ჩემი ტიტული და მსოფლიო ჩემპიონობა. ხელის ტრავმა რომ ყოფილიყო ან ფეხის ტრავმა, ყველაფერს ვიზამდი, რომ რინგზე გავსულიყავი, თუნდაც მოტეხილი ხელით ვყოფილიყავი. მაგრამ ეს ტრავმა თავს ეხებოდა და ჩემს უკან სხვა ხალხი არის, ჩემი ოჯახია, შეყვარებულია, ძმები და ასე შემდეგ… ასე ვთქვათ, არ გავრისკე. გარდა ამისა, რომც მომენდომებინა, ექიმები უფლებას არ მომცემდნენ იმიტომ, რომ შუბლი რასაც ჰქვია ჩაჭეჭყილი მქონდა და ძალიან სარისკო იყო. მერჩივნა, რომ ამ ეტაპზე გავჩერებულიყავი, ღმერთისთვის მადლობა მეთქვა, მადლიერების გრძნობა გამომეჩინა საკუთარ თავთან და შემდეგი შეჯიბრებებისთვის მოვმზადებულიყავი. გამოკვლევების შემდეგ ჩემი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ალბათ, ორ თვეში უკვე რინგზე გასვლას და და სრულფასოვან ვარჯიშებს შევძლებ.
-67 კგ. – ახალი წონითი კატეგორია
– ვფიქრობ სირთულეებზე მეტად უფრო პლუსია, იმიტომ რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის დაემატა წონები. რვა წონის მაგივრად გახდა 13 წონითი კატეგორია, შესაბამისად -60 კგ. აღდგა. ასევე -63 კგ.-ს ზოგმა სპორტსმენმა, მათ შორის ერთმა ლიდერმა დაიკლო და -60 კილოგრამში ჩამოვიდა. -63-ში ვინც იყვნენ ლიდერები თავის წონაში დარჩნენ და ვფიქრობდი, რომ შედარებით მარტივი იქნებოდა. -69-იდან ბევრი არ ჩამოვიდოდა, მაგათ ისედაც უწევდათ წონის დაკლება და ვფიქრობდი -71-ში ავიდოდნენ. მაგრამ ახლა შეჯიბრზე რომ ჩავედი ძირითადად -69-ის შემადგნლობა დამხვდა და ფაქტიურად ერთი წონით მაღლა ასპარეზობა მომიწია.
მომავალი
– ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემს წონაში მედალი ევროპელებიდან მარტო მე ავიღე, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ევროპის ჩემპიონატზე -67-ში პირველ ნომრად განთესილი უნდა ვიყო და ბევრად უკეთესი შანსია, რომ ევროპის ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. ახლა ამ ოლიმპიურ ციკლს აუცილებლად გავაგრძლებ სამოყვარულო კრივში, რადგან განთესვაშიც მოვხვდი და მეტი შანსი მაქვს ჩემს ქვეყანას ტიტულები და მედლები მოვუტანო. ახალი წესებით ჩვენ შეგვიძლია პარალელურად პროფესიონალურ რინგზეც გავიდეთ და ვფიქრობ, რომ ეს სამი წელი სამოყვარულოში ვიყო და რამდენიმე ბრძოლა პროფესიონალურ რინგზეც გავმართო. მერე მივხვდები ჩემია თუ არა და მინდა თუ არა საერთოდ პროფესიონალური კრივი.
***
– თუ გინდა მიზეზებს დაივიწყებ, გვერდზე გადადებ და არის ის პირობები, რომ მოემზადო და შედეგი გააკეთო. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა გვქონდეს ის პირობები, რაც ამერიკელებს ან ინგლისელებს აქვთ, მაგრამ ჩვენი რა დონის ქვეყანაც არის იმის შესაბამისი ყველანაირი პირობა გვაქვს, რომ შედეგი გვქონდეს. მე ვფიქრობ, რომ თუ შენს ცხოვრებაში წარმატება მოდის შენი ბრალია და თუ არ მოდის ეგეც შენი ბრალია. შენ მიზეზის პოვნა თუ გინდა აუცილებლად მარტივად იპოვი, თუნდაც აი – მე არ გამიმართლა რა… აქამდე მქონია, რომ შეჯიბრზე გავდიოდი და ვიცოდი, რომ რაღაც ცოტა მაკლია, მაგრამ ახლა ამ შეჯიბრზე რომ გავდიოდი ვთქვი – თუ ცოტა მაკლია ვის შემიძლია დავაბრალო?! არავის! მხოლოდ ჩემს თავს და თუ მაკლია რა ვქნა, დავჯდე და რინგზე აღარ გავიდე?! არა! არ მაინტერესებს, უნდა გავიდე და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო! და შედეგიც სახეზეა. ვფიქრობ, რომ ჩემი შედეგების გაკეთება ახლა დაიწყო. უფროს ელიტაში ჩემი პირველი შედეგია და პირველივე მსოფლიო ჩემპიონატის მედალი.
2022 წლის ევროპის ჩემპიონატი კრივში, რომელიც ლაშა გურულისა და საქართველოს ნაკრების სხვა მოკრივეებისთვისაც, მომდევნო „დიდი ტურნირი“ იქნება 21-იდან 31 მაისის ჩათვლით ერევანში უნდა გაიმართოს.