ტაიმაუტი | ლაშა გუჯეჯიანი - ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოს ნაკრები არის მსოფლიოში პირველი გუნდი #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი. მან მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა პირად ჩათვლაში ორი ოქროს, თითო-თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, გუნდურ შეჯიბრებაში კი მესამე ადგილი დაიკავეს.
„პირველ რიგში, ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მიულოცავ ამ გამარჯვებას. რაც შეეხება მიზნებს, ყოველთვის, სადაც მივდივართ, ვცდილობთ, უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. ორი ოქროს მედალი საოცნებო შედეგია.
ამ წარმატების საფუძველი იყო სარდალაშვილის გამოსვლა. პირველ დღეს მან იჭიდავა და მისი მოპოვებული ბრინჯაოს მედალი გადამწყვეტი იყო ამ წარმატებაში. ეს იყო პირველი პირველი მედალი და პირველი ემოცია. მისმა გამოსვლამ დაგვანახა, რომ ოქროს მოპოვებაც შეიძლებოდა. ეს გიორგისთვის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო და მისი ასაკიდან გამომდინარე ოქროს ტოლფასი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი გამოსვლა იმის წინაპირობაა, რომ ოლიმპიადაზეც წარმატებით ვიასპარეზებთ. შემადგენლობის ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება, თუმცა არ არის გამორიცხული ახალი სახეები კიდევ გამოჩნდნენ. გუნდში ჯანსაღი კონკურენცია და ესაა წარმატების საწინდარი. კონკრეტულ მომენტში ვინც უკეთესი იქნება, ის იჭიდავებს.
ქართული ძიუდო არის იქ, სადაც უნდა იყოს. ეს მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. მომავალში ვფიქრობ, რომ საშუალო შედეგი აღარ იქნება გულშემატკივრისთვის დამაკმაყოფილებელი.
ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოს ნაკრები არის მსოფლიოში პირველი გუნდი.
პირდაპირი შეფასებით შემიძლია, ამ წარმატების მთავარი მიზეზი დავასახელო: ინოვაციურმა პროექტმა „2020“ შექმნა ის თაობა, რომელსაც დღეს ყველა ტაშს უკრავს. ამასთან, არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომელსაც დავით ქევხიშვილი სათავეში უდგას. ვფქრობ მომავალი პროექტები 2024, 2028 უკეთესი იქნება. ქართველები უნიჭიერესი ხალხი ვართ“.