ტაიმაუტი | ლადო ბურდული - უკრაინელებს თითქმის ყველაფერში ვაჯობეთ, ჩეხებთან კონტრშეტევებზე შეგვიძლია წარმატებას მივაღწიოთ #1TVSPORT
ტაიმაუტი | ლადო ბურდული - უკრაინელებს თითქმის ყველაფერში ვაჯობეთ, ჩეხებთან კონტრშეტევებზე შეგვიძლია წარმატებას მივაღწიოთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ლადო ბურდულმა ერთა ლიგაზე „ჯვაროსნების“ გამოსვლაზე და ჩეხეთთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„უკრაინასთან ორი განსხვავებული ტაიმი იყო. რა თქმა უნდა, პირველი კარგად ვერ ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ კი მიქაუტაძის, დავითაშვილის, გოჩოლეიშვილის, წიტაიშვილისა და მექვაბიშვილის გამოსვლამ შეტევები გაამწვავა, სისწრაფეებმა მოიმატა და უფრო პროდუქტიულები გავხდით. ეს სტატისტიკაზეც აისახა – უკრაინელებს თითქმის ყველაფერში ვაჯობეთ. მომენტებსაც თუ გავიხსენებთ, კვარაცხელიამ ხარიხას მოარტყა, დავითაშვილსაც ჰქონდა ბურთის გატანის შანსი, შეიძლებოდა მოგვეგო. მეორე ტაიმი გუნდმა ძალიან კარგად ჩაატარა და ვთვლი, რომ ეს ის ფეხბურთია, რომელიც მომავალში უნდა ვაჩვენოთ.

რაც შეეხება ჩეხეთთან 19 ნოემბრის მატჩს. შემთხვევით არაფერი ხდება – თუ ჩეხეთი თბილისში პირწმინდად დავამარცხეთ, ოლომოუცშიც შეგვიძლია იგივე თამაში შევთავაზოთ. მეტოქე საშინაო კედლებში მაქსიმალურად შეეცდება მოგებას და ეს შეიძლება ჩვენი პლუსიც იყოს.

ჩეხებმა ევროპის ჩემპიონატზე ფრე შემთხვევითობას დააბრალეს, თბილისში პირწმინდად წააგეს. ახლა კი შეეცდებიან, პირველივე წუთებიდან შეგვიტიონ და დაამტკიცონ, რომ უკეთესები არიან. ეს ზუსტად ის თამაშია, რაც ჩვენ გვაწყობს – სწრაფი ფორვარდებითა და გარემარბებით შეგვიძლია ჩეხები კონტრშეტევებზე დავიჭიროთ და წარმატებას მივაღწიოთ“.