ტაიმაუტი | კობიაშვილი კლუბებს აქტიურობისკენ მოუწოდებს - ხალხს სტადიონზე მოსვლა სურს, მაგრამ პოზიტივიც სჭირდებათ #1TVSPORT
ხომ არ აპირებს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგისთვის „მე ვარ საქართველოს“ მსგავსი ბრენდ პლატფორმის მოფიქრებას? საქართელოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ამ კითხვაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უპასუხა.
„მომავალში ამ კუთხით სიახლეები იქნება, მაგრამ ამ კუთხით უფრო მეტი აქტიურობა კლუბების მხრიდან გვჭირდება. თუმცა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ გუნდს დახმარება გავუწიოთ. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბოლო პერიოდში რაც ჩვენს სტადიონებზე ხდება, ტრიბუნებზე გულშემატკივრების მოსვლა თითოეულ მათგანს და ჩვენც გვაჩვენებს, რომ ადამიანებს უნდათ სტადიონზე მოსვლა, მათ უყვართ ფეხბურთი. თუმცა ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიტივი უნდათ“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.
ამავე დროს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კლუბებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„გულშემატკივრებს უნდათ, რომ მოედანზე მეტი კარგი და წარმატებული მოთამაშეები ნახონ. ასეა ყველგან ანუ ხალხს სტადიონზე მოსვლა უნდა, მაგრამ შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას, რაც კლუბების პასუხისმგებლობის საკითხია. მოვუწოდებ კლუბებს, ამ კუთხით იაქტიურონ, ჩვენ კი მზად ვართ, მათ ყოველთვის დავეხმაროთ“.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ჩემპიონატში მაყურებლის დასწრების რეკორდები დამყარდა – ქუთაისში მატჩს 14 ათასამდე ადამიანი მივიდა, ბათუმში – 17 ათასი, თბილისში „დინამო არენაზე“ ჩემპიონატის ლიდერი ორი „დინამოს“ (თბილისის და ბათუმის) მატჩმა კი 22 ათასამდე მაყურებელი მიიზიდა.