ტაიმაუტი | იოსებ ტყემალაძე - ვმუშაობთ, რომ 2023 წლიდან ქართულმა კლუბმა „ჩელენჯ კაპზე“ ითამაშოს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე იყო, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
სამზადისი მსოფლიო თასისთვის
„რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი უდიდესი ზეიმია და ამავე დროს დიდი პატივია ჩვენთვის იქ თამაში. ნაკრების ხელმძღვანელობასთან შევჯერდით და ჩვენი მიზანია, რომ საფრანგეთში უნდა მოვიგოთ ორი თამაში, ეს არის ჩვენი გეგმა.
ამ ეტაპზე მზადების მიმდინარეობით კმაყოფილი ვართ და მადლობა ამისთვის სამწვრთნელო შტაბს ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით. რაც შეეხება შედეგებს, ველოდები სასწაულებს და მივესალმები ჩვენი ბიჭების განწყობას. საქართველოს ნაკრებმა უკვე დაწერა ისტორია იტალიასთან და უელსთან მოგებით და ეს შემთხვევით არ ყოფილა, მაგრამ დავწერეთ ისტორია და გავჩერდით, ასე არ ხდება. რაგბის საერთო წესი აქვს – მოიგე დღეს, დაივიწყე და ხვალ კვლავ გადი საბრძოლველად. დარწმუნებული ვარ, დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის.
მსოფლიო თასამდე დარჩენილი პერიოდის ყოველი დღე და წუთი გაწერილი გვაქვს. შევქმენით ფრნჩაიზი და ვნახეთ, რა შედეგიც მივიღეთ. უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ მწვრთნელებს, ორივე გუნდთან ემუშავათ. დღესღეობით იმაზე მეტს ვხარჯავთ, ვიდრე ფრანჩაიზი გვაძლევს, მაგრამ ველოდებით ახალ ტურნირებს და მინდა, ამ მოლოდინზე ღიადაც ვთქვა – ახლოვდება ჩვენი ოცნება, რომ ქართულმა კლუბმა ითამაშოს პრესტიჟულ საკლუბო ტურნირებზე. მიდის მუშაობა, რომ 2023 წლიდან ქართულმა კლუბმა „ჩელენჯ კაპზე“ იასპარეზოს. მიმდინარეობს განხილვები და არ მინდა, გავასწრო მოვლენებს. ვფიქრობ, ჩავერთვებით „ჩელენჯ კაპზე“ და აბსოლუტურად სხვა სიმაღლეზე გავალთ.
„შავმა ლომმა“ სამხრეთ ამერიკაში ორი თამაში წააგო და ჩვენთვის ეს უფრო საინტერესოა. მთავარმა მწვრთნელმა თავიდანვე თქვა, ამ შეკრებაზე ისეთი გუნდი მიჰყავს, რომ ბევრი ექსპერიმენტები აკეთოს, ახალი მორაგბეები გამოსცადოს და ნახოს მათი შესაძლებლობები. ჩამოყალიბდეს იმ შემადგენლობაზე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საფრანგეთში ჩვენი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია გულშემატკივრობა. თხოვნა მაქვს ყველას მიმართ, მაქსიმალურად ვეცადოთ, ბიჭებს ქართული ხმა საფრანგეთის სტადიონებზე გავაგონოთ“.
ბავშვთა ფესტივალი
„ჩვენი მიზანია ჯანსაღი თაობა აღვზარდოთ რაგბის ღირებულებებით. იცით, რომ სასკოლო რაგბის პროექტი დავიწყეთ, 150 სკოლაში უკვე შევედით, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე 2000-მდე სკოლაში შევიდეთ. გორში ჩატარებული რაგბის ფესტივალის გამარჯვებული 13-წლამდელთა გუნდი „ქართველი ბარბაროსები“ მონაკოში სარაგბო ფესტივალზე მონაწილეობდა და ფინალი წააგო, ასეთ საერთშორისო ფესტივალებს რეგულარული სახე მიეცემა. აქვე ვიტყვი, რომ რაგბის კავშირი მზად არის და მსოფლიო რაგბიშიც დავსვით ეს საკითხი, რომ საქართველომ უმასპინძლოს დიდი საერთაშორსო ფესტივალს, რომელსაც ჩავატარებთ ფოთში, ქუთაისში, ბათუმში“…
დიდი ათი
„შაბათს „დიდი ათის“ ფინალია. რუსთავისა და ბათუმის გუნდებს – წარმატებას, მაყურებელს კი საინტერესო და სანახაობრივ თამაშს ვუსურვებ.
გპირდებით, რომ „დიდ ათში“ (რომელიც შეიძლება გახდეს „დიდი რვა“ და ამაზე მიდის მუშაობა) რამდენმა გუნდმაც არ უნდა ითამაშოს, იქნება დიდი შოუ, სადაც გულშემატკივარი დაიწყებს სიარულს და დიდი კონკურენციის პირობებში აქვე აღვზარდით მაღალი დონის მორაგბეებს“.