#ტაიმაუტი | ილიას ზუროსი - ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ და ახალი უნარები შევძინოთ ახალგაზრდა კალათბურთელებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა დღეს, 22 თებერვალს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ესტუმრნენ, სადაც სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრეს.
ილიას ზუროსმა გუნდსა და ეროვნულ ნაკრებს შორის განსხვავებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ განვლილი მატჩებისათვის ჩვენს გუნდს საკმარისი მოსამზადებელი დრო არ ჰქონდა.
„პირველ რიგში, მინდა ავუხსნა ხალხს განსხვავება გუნდსა და ეროვნულ ნაკრებს შორის. ეროვნულ ნაკრებში, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი დრო, რომ ვიმუშაოთ მოთამაშეებთან. ჩვენ უნდა მოვაგროვოთ სხვადასხვა ლიგებიდან კალათბურთელები, საიდანაც რომელიმე შეიძლება იყოს კარგ ფორმაში ან ჰქონდეს ტრავმა. რამდენიმე წლის წინ, როცა ვამზადებდით ჩვენს გუნდს ევრობასკეტისთვის, ჩვენ გვქონდა დრო 1 თვე, რომ მოთამაშეები მზად ყოფილიყვნენ ტურნირისათვის და ჰქონოდათ იმის ძალა, რომ ეთამაშათ მაღალ დონეზე. ამ ეტაპზე ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან ამის დრო არ გვქონდა.“
ბერძენმა სპეციალისტმა ისიც აღნიშნა, რომ ნაკრებს არაერთი წამყვანი კალათბურთელი აკლდა, რომელთა მაგივრადაც ახალგაზრდა მოთამაშეებმა მიიღეს თავის გამოჩენის შანსი.
„ვცდილობდით გამოგვეყენებინა ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეები და კარგად სათამაშოდ სპეციალური ტაქტიკა შეგვემუშავებინა. მასპინძლები ვართ და უნდა ვითამაშოთ მაღალ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიტუაცია იყო, საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ, რადგან დიდი ძალისხმევა გავიღეთ და ჩვენი მაქსიმუმი ჩავდეთ ამ თამაშებისათვის. კარგი შედეგი დავდეთ და ამავდროულად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ და ახალი უნარები შევძინოთ ახალგაზრდა კალათბურთელებს.“